Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი": შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის შეზღუდვის საფრთხე


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო სამართლებრივმა დავამ გააძლიერა შეშფოთება გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გამო. 24 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, აღნიშნულია ისიც, რომ გრძელდებოდა ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლის და შერჩევითი სამართლის შესახებ და აღირიცხა რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციამ ხელი შეუშალა, ან შეზღუდა მშვიდობიანი მანიფესტაციები. მსოფლიოში ვითარების ზოგადი შეფასებისას, "ამნესტი ინტერნეშნლი" აღნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ არის ადამიანის უფლებები, ისევე როგორც მათ დასაცავად მოქმედი ორგანიზაციები. ამ საკითხს ჩვენს რადიოსთან საუბრისას შეეხო "ამნესტი ინტერნეშნლის" წარმომადგენელი, დენის კრივოშეევიც: „ჩვენს წინაშეა მსოფლიო, რომელშიც სერიოზულ საფრთხეშია ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებების დარღვევის მოწმე ვართ მთელს მსოფლიოში, მაგრამ წელს ვართ იმის მოწმეც, რომ ინსტიტუტები, რომელთა მიზანიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, თავად ექცევა საფრთხეში. ასე რომ, საფრთხეშია არა მარტო უფლებები, არამედ ინსტიტუტებიც, რომლებიც მათ უნდა იცავდეს, მათი საყრდენი უნდა იყოს და ეს უაღრესად დიდ შეშფოთებას იწვევს“. კრივოშეევის განმარტებით, გაეროს უფლებადამცველი უწყებები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ევროსაბჭო ზეწოლას განიცდიან მთავრობებისაგან, რომლებიც ცდილობენ, შეზღუდონ მათ ქვეყნებში ადამიანის უფლებების უცხოეთიდან კონტროლის შესაძლებლობები.

XS
SM
MD
LG