Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა


საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საჯარო რეესტრი ავრცელებს. უწყების განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს" დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის პირველი მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა. როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთან, "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და "მაესტროს" შენობაში ლევან გაჩეჩილაძის შეშვებას არ აპირებს. ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის თქმით კი, ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია შენობაში მივიდეს სტუმრის სტატუსით, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება. მისი თქმით, შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრებაში და ის არ აპირებს უკანონოდ დანიშნული ლევან გაჩეჩილაძისთვის შენობის დათმობას. ადვოკატის განმარტებით, შენობა, სადაც "მაესტრო" ფუნქციონირებს, არის შპს "ინვესტმენტის" საკუთრებაში და ამ შენობის ადმინისტრაციული პროცესების სამართავად მაკა ასათიანს დანიშნული ჰყავს ბაია გადაბაძე. შესაბამისად, შენობასთან დაკავშირებით ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანი იღებენ გადაწყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG