Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ სამშაბათს დაიწყება სირიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება სირიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. მან 14 მარტს უთხრა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა, მთლიანობაში, შეასრულეს სირიაში დასახული მიზნები. ამის გამო თავდაცვის მინისტრს ვავალებ, ხვალ დაიწყოს სირიიდან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილის გამოყვანაო, დასძინა პუტინმა. მანვე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ჯარების გასვლა ხელს შეუწყობს სირიაში ხუთი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას. სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და პუტინი ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ ამ ნაბიჯზე და რუსეთმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს სირიის მხარდაჭერას „ტერორიზმთან ბრძოლაში“. პუტინმა ხუთ თვეზე მეტი ხნის წინ გასცა განკარგულება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. რუსეთის მოქმედების შედეგად გაძლიერდა მოსკოვის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის პოზიცია.

XS
SM
MD
LG