Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეს განიხილავს


თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გადაწყვეტს აღკვეთის რა ზომას შეუფარდებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების ბრალდებით, 14 მარტს დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილს და ირაკლი ფხალაძეს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დახურული რეჟიმით მიმდინარეობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი - გირაოს. ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე ბრალს არ აღიარებენ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს განაცხადა, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით ჯამალაშვილისა და ფხალაძის გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს კიდევ სამი პირის, გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის და ინგა ჩატოიანის მიმართ. მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ფარული აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის ივნისამდეა ჩაწერილი და გასავრცელებლად შესთავაზეს მედიაჰოლდინგის, „ქრონიკა +“-ის დირექტორს ელისო კილაძეს. ამ საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს. რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ჯგუფი. სამართალდამცავებმა დასახმარებლად მიმართეს აშშ-ის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებსაც, რათა დადგინდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები.

XS
SM
MD
LG