Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


ყაზახეთში დასრულდა კენჭისყრა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მმართველ პარტიას დიდ უმრავლესობას მოაპოვებინებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათზე ამომრჩევლის აქტივობა 75 პროცენტი იყო. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შეესწრნენ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის და ოჯახის წევრების ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევებს. ნაზარბაევის პარტიას არ ჰყავს რეალური კონკურენტი მანდატების მოსაპოვებლად 107 ადგილიან ქვედა პალატაში. ანალიტიკოსების აზრით, ყურადღების ცენტრში მოექცევა პრეზიდენტის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა, რომელიც ვიცე-პრემიერია და კანდიდატების პარტიულ სიაშიც არის. თუ ის მთავრობას დატოვებს, შესაძლოა ქვედა პალატის სპიკერი გახდეს, რაც გაამყარებს მის პოზიციებს 75 წლის მამის შემცვლელის რანგში. ნაზარბაევი ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას 1989 წლიდან მართავს და ქვეყანაში მის კრიტიკოსებს სამოქმედო სივრცე მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული. ნაზარბაევმა ვადამდელი არჩევნები იანვარში დანიშნა, როგორც ვარაუდობენ იმ გათვლით, რომ წლის განმავლობაში შეიძლებოდა ქვეყნის ეკონომიკაში გაუარესების ტენდენცია გამოკვეთილიყო. მაგრამ მას შემდეგ ყაზახეთის მთავარი საექსპორტო მასალის, ნავთობის ფასმა მოიმატა, ბარელზე 30 დოლარზე ნაკლებიდან ახლა ის 40 დოლარს აჭარბებს. ეროვნულმა ვალუტამ, ტენგემ, რომელმაც ხუთ თვეში დოლართან მიმართებით ღირებულების ნახევარი დაკარგა, იმავე პერიოდში 10 პროცენტზე მეტით მოიმატა.

XS
SM
MD
LG