Accessibility links

ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია არჩევნებამდე კოალიციის რიგებში დარჩება

რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 31 მარტს მიიღო პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა. გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. ამასთან როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნორმალური“ და „მისაღები“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი მინისტრები „თანამდებობებს შეინარჩუნებენ“.

ყველა ახალი ამბავი

ბიძინა ივანიშვილი: "რაც უნდა, ის ქნას „რუსთავი 2"-მა

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს რეაქციას მისი წინა ინტერვიუს იმ ეპიზოდზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ს ეხებოდა და რომელიც, ივანიშვილისვე თქმით, ამ მედიასაშუალების მიმართ მუქარად მიიღეს.

როგორც მან „იმედთან“ 20 ნოემბრის ინტერვიუში თქვა, “რაც უნდათ, ის ილაპარაკონ ჟურნალისტებმა, რაც უნდა, ის ქნას „რუსთავი 2-მა“, მაგრამ საზოგადოებას ვაჩვენებთ, სად არის სიმართლე“. მანვე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება.

ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ „ამ გამარჯვებით“, საქართველო უარს იტყვის „დესტრუქციულ ძალაზე“ - საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს ყოფილ მმართველ ძალაზე. ხოლო „ამ არჩევნებით“ ივანიშვილმა, როგორც ჩანს, იგულისხმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის, მისი აზრით, მოსალოდნელი გამარჯვება.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

ივანიშვილი: ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება არეულობის მოწყობას

ბიძინა ივანიშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობის მოწყობის საფრთხე, მაგრამ ამ მოძრაობას რესურსი არ გააჩნია.

ხალხი, ივანიშვილის აზრით, ნაწყენია მთავრობაზე, მაგრამ არა აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ ვერ იტანს “ქართულ ოცნებას“.

ეს აზრი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით სარგებლობს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს, ის დაუპირისპირდება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

ივანიშვილის თქმით, დასავლეთში აღარავის ეპარება ეჭვი მმართველი გუნდის პროდასავლურობაში

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხუთი წელი მუშაობა დასჭირდა დასავლეთის დარწუნებას, რომ საქართველოს მმართველ გუნდის ყველა წევრი პროდასავლურად არის განწყობილი.

ახლა გვაქვს „საოცარი მხარდაჭერა დასავლეთში“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედთან“ ინტერვიუში.

ივანიშვილი: „ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობა მუდმივად მობილიზებული უნდა იყოს, რათა ყოფა შეუმსუბუქოს ადამიანებს. „ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება“, განაცხადა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება „ვერტიკალის გამყარებას“ - მუნიციპალიტეტების დონეზეც იმუშავებენ ისე, როგორც მთავრობა ახლა მუშაობს.

ივანიშვილს ძალიან ცუდად მიაჩნია არჩევანი „თეთრსა და შავს შორის“

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოში „ღარიბია პოლიტიკური სიტაბლიშმენტი“, პრობლემაა მმართველ გუნდშიც და პრობლემაა ოპოზიციაც. მან "იმედთან" ინტერვიუში გამოთქვა აზრით, რომ როდესაც ოპონენტი არა გყავს, პრობლემები ჩნდება საკუთრივ გუნდში და იწყება რღვევის პროცესი. ივანიშვილის აზრით, ეს პროცესი "ქართულ ოცნებაში" დაწყებული იყო, და ის ამის გამო დაბრუნდა პარტიის სათავეში.

ბიძინა ივანიშვილი: "გუნდმა მიიღო ცივი შხაპი"

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ხალხი გაბრაზებულია“. "გუნდმა მიიღო ცივი შხაპი", განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, „აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა“ ხალხის მიმართ.

სერბი ნაციონალისტი სათავეში მოექცა ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიან პრეზიდიუმს

ბოსნია-ჰერცეგოვინის ახალი მმართველი პრეზიდიუმის წევრები: ხორვატი ჟელიკო კომსიჩი (მარცხნივ), სერბი მილორად დოდიკი (ცენტრში) და ბოსნიელი მუსლიმი სეფიკ ჯაფეროვიჩი

სერბი ნაციონალისტი მილორად დოდიკი სათავეში მოექცა ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიან პრეზიდიუმს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ქვეყანაში გასულ თვეში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებს. პრეზიდიუმში, რომელსაც დოდიკი რვა თვე უხელმძღვანელებს, ასევე შედიან ეთნიკური ხორვატი ჟელიკო კომსიჩი და ბოსნიელი მუსლიმი სეფიკ ჯაფეროვიჩი. ბოსნია ორი ერთეულისაგან შედგება: ესენია რეპუბლიკა სრპსკა, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, და მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაცია. ორი ერთეული ერთმანეთს უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუტებით, სამწევრიანი პრეზიდიუმის ჩათვლით. თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, დოდიკმა პრიორიტეტად დაასახელა რეპუბლიკა სრპსკას ინტერესების გატარება. მანვე პრეზიდიუმის დანარჩენ ორ წევრს მოუწოდა, ითანამშრომლონ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის დასაჩქარებლად. მეორე მხრივ, დოდიკი ეწინააღმდეგება ნატოში ინტეგრაციას და გამოდის რუსეთთან და სერბეთთან დაახლოებისაკენ მოწოდებით. მაგრამ კომსიჩი და ჯაფაროვიჩი მაინც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ზომებს დასავლეთის სამხედრო ალიანსთან დასაახლოებლად.

ბილ ბრაუდერის აზრით, ინტერპოლი კრიზისშია

ლონდონი, ხოდორკოვსკის ცენტრი: ბილ ბრაუდერი (მარცხნივ) და მიხაილ ხოდორკოვსკი 2018 წლის 20 ნოემბრის პრესკონფერენციაზე

ბრიტანელი ფინანსისტი ბილ ბრაუდერი, რომელზეც რუსეთს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული, „კრიზისულად“ მიიჩნევს ვითარებას ინტერპოლის გარშემო. 20 ნოემბერს ლონდონში, „ხოდორკოსვსკის ცენტრში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბრაუდერმა განაცხადა, რომ თუ რუსი გენერალი გახდება ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელი, მაშინ დასავლეთს ალტერნატიული გეგმის განხილვა მოუწევს: ახალი წესების შემოღება, ან სრულიად ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა. ბრაუდერის თქმით, ის უკვე გამოვიდა ინტერპოლში რუსეთის მუშაობის შეჩერების ინიციატივით.

ინტერპოლის პრეზიდენტად გენერალ ალექსანდრ პროკოპჩუკის შესაძლო არჩევა ბრაუდერმა შეადარა ამ ორგანიზაციის მაფიისათვის ჩაბარებას. მანამდე ამერიკელმა სენატორებმა გააკეთეს განცხადება ინტერპოლის პრეზიდენტად პროკოპჩუკის დანიშვნის წინააღმდეგ. ბრაუდერი აშშ-ში დაბადებული ბრიტანელია, რომელიც ერთ დროს რუსეთისთვის უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი იყო, თუმცა შემდეგ მთავრობასთან ურთიერთობა დაეძაბა და ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირებაშია.

ამ კვირაში რუსეთმა ახალი ბრალდებები წაუყენა ბრაუდერს: ის ახლა ეჭვმიტანილია თავისი ახლობლის, სერგეი მაგნიტსკის 10 წლის წინ, მოსკოვის ციხეში სიკვდილთან კავშირში. 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებებში, რომლებსაც ბრაუდერმა უკვე უწოდა უსაფუძვლო და "კაფკიანური", სახელმწიფო პროკურორებმა ასევე თქვეს, რომ მათ ბრაუდერს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი "ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფის" ფორმირებაში.

საპატრიარქო: არ შეიძლება ეკლესია გადაიქცეს უსახლკაროთა თავშესაფრად

საქართველოს საპატრიარქო ვიდეოკომენტარით ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეკლესიების კარი ყოველ ღამით უნდა გაიღოს უსახლკაროთათვის.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან არ შეიძლება, ეკლესია თავშესაფრად გადაიქცეს:

„ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლზე ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა", - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია ჯაღმაიძის სიტყვებით, ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართა სასადილოები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია და ასეთია რეალობა.

Airbnb-მა წაშალა განცხადებები იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან

ბინების გაქირავების შუამავალმა პოპულარულმა საიტმა Airbnb-მა განაცხადა, რომ აღარ განათავსებს საიტზე განცხადებებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის დასახლებებიდან. კომპანიას ამისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდნენ პალესტინის ოფიციალური პირები და ადამიანის უფლებების დამცველები.

„ჩვენ ნამდვილად არა ვართ ექსპერტები რეგიონში არსებულ ისტორიულ დისპუტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში - „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით სწორი მიდგომის გამონახვას“.

საბოლოოდ Airbnb-მა საიტიდან წაშალა 200-მდე განაცხადი ამ დასახლებებიდან. ამ გადაწყვეტილებამ ისრაელის პროტესტი გამოიწვია. ამ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, იარივ ლევინმა კომპანიის გადაწყვეტილებას „დისკრიმინაციული“ და „სამარცხვინო კაპიტულაცია“ უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოკითხვაზე დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 21 ნოემბერს გამოკითხვაზე არიან დაბარებულები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია და საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ 20 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების შესახებ ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, გასულ კვირაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოს სახელმწიფო სერვისების სააგენტო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ავღანეთში 40-მდე ადამიანი შეიწირა სასულიერო პირთა შეხვედრაზე მოწყობილმა აფეთქებამ

ქაბულში ავღანელ სასულიერო პირთა შეკრებაზე მოეწყო აფეთქება, რომელმაც, სულ ცოტა, 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა ასევე 40-მდე ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნაჯიბ დანიშმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, რომ თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომელიც მიმართული იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი სასულიერო პირების წინააღმდეგ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

გამოძიება დაიწყო ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების 20 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსი“ მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აცხადებენ პროკურატურაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ - პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გაუგონარ, აბსურდულ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას. სოსო გიორგაძის თქმით, მათ უკვე მიმართეს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

„იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს თუ რაზე დაყრდნობით განახორციელეს ასეთი ცილისწამება იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებში. თითოეული ჩვენთაგანი ვართ შეურაცხყოფილნი იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო მიაყენეს ჩრდილი ჩვენს რეპუტაციას“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო სერვისების სააგენტო გაუგონარ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობოების განცხადებას

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გაუგონარ, აბსურდულ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი პირადი მოწმობების დაბეჭდვას უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ:

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე, სოსო გიორგაძე, ჩემ თანამშრომლებთან ერთად, გამოგვაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ არგუმენტებს. მინდა განვაცხადო, რომ თეორიულადაც კი რთულია იმის წარმოდგენა, რასაც ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ. პირველი, რაც გავაკეთეთ, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს თუ რაზე დაყრდნობით განახორციელეს ასეთი ცილისწამება იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებში, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოპოვებაში. თითოეული ჩვენთაგანი ვართ შეურაცხყოფილნი იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო მიაყენეს ჩრდილი ჩვენს რეპუტაციას. გაუგონარია ეს ამბავი იმიტომაც, რომ საქართველოში არსებობს სულ სამი საბეჭდი ცენტრი, სადაც ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაცია ხდება. ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება და შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია ამგვარი განცხადებების გაკეთება. იმედი მაქვს, რომ შესაბამის მასალებს არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწვდიან საგამოძიებო ორგანოებს“.

20 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელეს განცხადება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა: „მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინსტაგრამი ყალბ მოწონებებსა და კომენტარებს წაშლის

ინსტაგრამში განავითარეს ტექნოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც ისეთ მომხმარებლებს გამოავლენს, ვინც მასალის ან გვერდის ცნობადობის ასამაღლებლად უკანონო გზებს მიმართავს.

ინსტაგრამის ნებისმიერი მფლობელი, რომელიც დაარღვევს კომპანიის შინაგანაწესს, მიიღებს გაფრთხილებას და პაროლის გამოცვლის მოთხოვნას.

„ჩვენ წავშლით გვერდების ყალბ გამომწერებს, მოწონებებსა და კომენტარებს, რომლებიც მიღებულია დამატებითი აპლიკაციების გამოყენებით, იმისთვის რომ გაიზარდოს კონკრეტული გვერდის პოპულარობა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი მომხმარებელი გაუაზრებლად უზიარებს თავის პირად მონაცემებს სხვა გარე აპლიკაციებს, ამიტომ, თუკი თქვენ მიიღეთ შეტყობინება, უბრალოდ, შეცვალეთ პაროლი, რათა აღარ იყოს თქვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი სხვისთვის“.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს ინსტაგრამი ონლაინსივრცეში გამოჩნდა, არაერთი მომხმარებელი ცდილობს გამომწერების რაოდენობის გაზრდას და თავიანთ პროდუქტზე ფინანსური სარგებლის მიღებას. კომპანიას სურს დაიცვას ინსტაგრამსივრცე დეზინფორმაციის, ყალბი მომხმარებლებისა და თაღლითური საქმიანობისგან.

ინსტაგრამი ფეისბუკმა 2012 წელს შეიძინა 1 მილიარდ დოლარად, მიმდინარე წელს კი მისი მომხმარებლების რაოდენობა მილიარდს გასცდა.

ინსტაგრამი აანონსებს, რომ უახლოეს კვირებში მომხმარებლებს დამატებით განახლებებს შესთავაზებს იმისათვის, რომ ინსტაგრამზე არ გაგრძელდეს არაავთენტიკური აქტივობა.

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა: „მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, წყაროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის არის აღნიშნული გეგმა ან სულ რამდენი ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება იგეგმება: „მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა. ისინი მოუწოდებენ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს დაინტერესდნენ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტით და მიიღონ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

თეთრი სახლი აკრედიტაციას უბრუნებს CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას

თეთრი სახლი აკრედიტაციას უბრუნებს ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას, რომელსაც რამდენჯერმე მოუვიდა კამათი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა 19 ნოემბერს გამოაცხადა აკოსტასთვის აკრედიტაციის აღდგენის შესახებ, მაგრამ ამავე დროს დაასახელა ახალი წესები კორესპონდენტებისათვის. მისი განმარტებით, ამიერიდან ჟურნალისტებს პრესკონფერენციებზე მხოლოდ თითო-თითო შეკითხვის დასმა შეეძლებათ, თუ მათ თეთრი სახლი არ მისცემს დამატებით შეკითხვების უფლებას.

თეთრმა სახლმა აკოსტას აკრედიტაცია შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს ცხარე კამათი მოუვიდა ტრამპთან მიმდინარე თვის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. აკოსტასთვის არ აუკრძალავთ თეთრ სახლში შესვლა, მაგრამ გაუუქმეს უვადო საშვი, რაც მისთვის ნიშნავდა უსაფრთხოებაზე ყოველდღიური ხანგრძლივი შემოწმებების გავლას.

16 ნოემბერს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო დადგენილება, რომლითაც თეთრ სახლს დაავალა ჯიმ აკოსტასთვის აკრედიტაციის დაბრუნება. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მიესალმა აკრედიტაციის აღდგენას, მაგრამ ამავე დროს გააპროტესტა თეთრ სახლში მუშაობის ახალი წესები. ტრამპს ბევრჯერ მოსვლია კამათი სხვა ამერიკელ ჟურნალისტებთანაც და გამოუყენებია შეფასებები, როგორიცაა „ხელმოცარული ნიუ-იორკ ტაიმსი“, ან „NBC-ის გამოგონილი ამბები“.

ბიბილოვი: უკრაინამ საქართველოს მსგავსად აირჩია სახელმწიფო ტერორის გზა

ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დახმარებას და თანამშრომლობის გაძლიერებას პირდება უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს. ამის შესახებ ბიბილოვმა განუცხადა ინტერნეტ-პორტალს, „მე-15 რეგიონს.“ ბიბილოვის თქმით, მუდმივი კონტაქტი აქვს ამ რესპუბლიკების მეთაურებად 11 ნოემბერს არჩეულ დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკთან. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, მან თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა ჯერ კიდევ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველ მეთაურთან, ტრაგიკულად დაღუპულ ალექსანდრ ზახარჩენკოსთან. „ჩადენილ იქნა ცინიკური ტერაქტი. უკრაინამ, საქართველოს მსგავსად აირჩია სახელმწიფო ტერორი. მათ სურდათ ზახარჩენკოს მოკვლა, მაგრამ უკვდავი გახადეს მისი სახელი“ - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი მეთაური ზახარჩენკო 2018 წლის აგვისტოში დაიღუპა დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ანატოლი ბიბილოვი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დღეს დონეცკში დაესწრნენ ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ახალი მეთაურის, დენის პუშილინის ინაუგურაციას. ხვალ, 21 ნოემბერს, ბიბილოვი და ბგანბა მონაწილეობას მიიღებენ ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად არჩეული ლეონიდ პასეჩნიკის ინაუგურაციაშიც.

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნები 11 ნოემბერს ჩატარდა. უკრაინის პროკურატურამ კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნები დაგმო და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა.

თბილისში ავტობუსებზე სამუშაოდ 19 ქალი მძღოლი გადამზადდება

როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ“, ავტობაზაში სწავლების 2 კვირიანი კურსის გავლის შემდეგ დასაქმდება 19 ქალი მძღოლი. პირველ ეტაპზე მიღებული 10 ქალი უკვე გადის გადამზადების პრაქტიკულ კურსს, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული 9 ქალი - თეორიულ კურსს.

„25 ქალი მძღოლის გადამზადება შეგვეძლო, თუმცა, იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ 10 მძღოლი გადავამზადეთ, გამოვაცხადეთ თავიდან განაცხადების მიღება. მეორე ეტაპზე 9 მძღოლი გადის თეორიული მომზადების კურსს. ჯამში 19 ქალი მზად იქნება დასაქმებისთვის, თუ ისინი შესაბამის ეტაპებს, მათ შორის გამოცდას წარმატებით გაივლიან“, - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

ვლადიმირ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 21 ნოემბერს, სოჭში შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს კრემლის პრესსამსახური. მისი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მიმდინარე მოვლენებსა და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კოსოვოს ისევ უარი უთხრეს ინტერპოლის წევრობაზე

2018 წლის ნოემბერი, ინტერპოლის 87-ე გენერალური ასამბლეა დუბაიში

ინტერპოლის განცხადებით, კოსოვოს კვლავ უარი უთხრეს ამ ორგანიზაციის წევრობაზე. კოსოვომ პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე მესამედ მიმართა განაცხადით, რომელიც ამჯერად განიხილეს ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე დუბაიში. 20 ნოემბერს გამართული კენჭისყრისას, კოსოვოს მხარი დაუჭირა 68 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 51, ხოლო 16-მა თავი შეიკავა. ინტერპოლს ამჟამად 192 წევრი ჰყავს. მასში მისაღებად საჭიროა ხმების ორი მესამედის მოპოვება. სერბეთსა და მასში შემავალ კოსოვოს შორის ომიდან ცხრა წლის შემდეგ, 2008 წელს, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას აღიარებს დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, მაგრამ არ აღიარებს სერბეთი. ინტერპოლში კოსოვოს გაწევრიანება პრიშტინას მისცემდა, მაგალითად, საშუალებას, წითელი ცირკულარი გაავრცელოს იმ სერბი ოფიციალრი პირების წინააღმდეგ, რომლებსაც კოსოვო სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს.

გაერო: ავღანეთში მკვეთრად იკლო ოპიუმის წარმოებამ

ავღანეთში 29%-ით იკლო ოპიუმის წარმოებამ, რის მიზეზადაც, პირველ რიგში, ძლიერ გვალვას ასახელებენ. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სააგენტოს ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ოპიუმის შემცირება (9000 ტონიდან 6400 ტონამდე) ემთხვევა სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული მიწების შემცირებას.

ავღანეთში ოპიუმის კვლევამ, რომელიც ერთად ჩაატარეს გაეროს სააგენტომ და ავღანეთის ანტინარკოტიკულმა სამინისტრომ, დაადგინა, რომ მთლიანობაში 263 ათასი ჰექტარი იქნა გამოყენებული ოპიუმის მოსაყვანად, რაც 20%-ით ნაკლებია 2017 წელთან შედარებით. ანგარიშში გამოთქვამენ ასევე ვარაუდს, რომ ოპიუმის ფასის კლებამ - ფერმერებს კილოგრამში, საშუალოდ, 94 დოლარს უხდიან, რაც სარეკორდოდ დაბალი ფასია 2004 წლის შემდეგ - შესაძლოა, ასევე გამოიწვია ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის შემცირება.

იკლო ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის საწინააღმდეგო ზომების შედეგებმაც: 2018 წელს 406 ჰექტარზე შეწყდა ოპიუმის მოყვანა. შარშან ეს მაჩვენებელი 750 ჰექტარი იყო. ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ოპიუმის წარმოებით და განვლილ წლებში საერთაშორისო დონორებს მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული ანტინარკოტიკული ზომების დასაფინანსებლად.

ომბუდსმენს სასესხო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე კითხვები აქვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ნინო ლომჯარია მთავრობის ინიციატივაში კითხვის ნიშნებს ხედავს:

„საკითხი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

"არა ფობიას" შეფასებით, სააკაშვილის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო

მიხეილ სააკაშვილი

სამოქალაქო პლატფორმის, „არა ფობიას“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტისტური განცხადების გამო. პლატფორმის წევრთა განცხადებით, 18 ნოემბერს, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი მოიხსენია „ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ.” არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის მიერ შემუშავებული განმარტებით კი, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში და ებრაელებს მიაწერს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს. „ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია“ - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმის განცხადებაში. წევრი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა, რადგან 14 ივნისს ექს-პრეზიდენტმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.“

„ბოლო პერიოდში ექს-პრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: “საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოს, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება” - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმის განცხადებაში.

„არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან, და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მისმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ. „არა ფობიას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, საფარი, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნება" მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა

გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთ ცრუ დაპირებად მიიჩნევს ფინანსური ორგანიზაციების წინაშე 600 ათასამდე მოქალაქის ვალის ჩამოწერას. თბილისში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა არაერთხელ მოატყუა თავისი დაპირებებით. ვაშაძემ მაგალითად მოიყვანა კომუნალური გადასახადების შემცირების, საწვავის გაიაფების და ახალი საწარმოების გახსნის დაპირებები.

„გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ფიქრობენ, რომ ამ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედის შეცვლას“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი შეფასებით, მთავრობის წინადადება აბსურდული და ბუდოვანია და გაურკვეველია ვისზე ვრცელდება. ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სურს ხმები მიიღოს და შემდეგ „რაღაცას ვითომ გააკეთებენ,“ თუმცა, დეკემბერში ახალ ტყუილს მოიგონებენ. გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მოქალაქეებს მიმართა, ნუ წამოეგებიან "ქართული ოცნების" დიდ სიცრუეს და მას არჩევნების შედეგით უპასუხონ. ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ყველა ცრუ დაპირება მოცემულია ვებგვერდზე dreammeter.ge

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG