Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო: ფარულ მოსმენებზე სამართალდამცავთა პირდაპირი წვდომა არაკონსტიტუციურია


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, დააკმაყოფილა მათი სარჩელი და მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეთა პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების თუ შენახვის მოქმედი წესები არაკონსტიტუციურია და ზრდის მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევის საფრთხეს. განცხადებაში ვკითხულობთ: „სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს“. სასამართლოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი სისტემის უზრუნველყოფა 2017 წლის 31 მარტამდე უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG