Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ახალ სამხედრო დივიზიებს განათავსებს „ნატოს ძალების ზრდის“ გამო


რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2016 წლის ბოლომდე მოსკოვი სამ ახალ სამხედრო დივიზიას განათავსებს დასავლეთში და სამხრეთში „რუსეთის საზღვრების მახლობლად ნატოს ძალების ზრდის“ გამო. რუსმა სამხედროებმა პირველად იანვარში გაავრცელეს ცნობა ახალი დივიზიების შექმნაზე. ცნობების თანახმად, დივიზიების შემადგენლობაში იქნება 10-10 ათასი ადამიანი. შოიგუს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა რუსეთს მოუწოდა ნუღარ წავა უკან, ცივი ომის ეპოქისაკენ „იარაღის ჟღარუნით“ და აგრესიული ქმედებებით, რომლებიც ნატოში შეშფოთებას იწვევს. ჩვენ არ გვსურს რუსეთის გადამტერებაო, განაცხადა კარტერმა 3 მაისს გერმანიაში, შტუტგარტში, სადაც გაიმართა ევროპაში ნატოს ძალების ახალი სარდლის, ამერიკელ გენერალ კერტის სკაპაროტის ინაუგურაცია. კარტერის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის, საქართველოს, მოლდავეთის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და ცდილობს, შეავიწროვოს ბალტიისპირელი მეზობლები. ამასთან, კარტერის აზრით, ყველაზე შემაშფოთებელია რუსეთის განცხადებები ბირთული იარაღის გამოყენების საკითხზე.

XS
SM
MD
LG