Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ. მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მიზეზად ის დაასახელა, რომ პარტიამ ვერ შეძლო განეხორციელებინა ცვლილებები და ახალი ინიციატივები, რომლებსაც ამომრჩეველი ელოდა. „ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, მივიღეთ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“ - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, „ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.“ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ უარს ამბობს მომავალ პარლამენტში გარანტირებულ ადგილზე ფასადურად განახლებული პარტიის სიით და იწყებს შექმნას ახალი მოძრაობისა, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით. „ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და იმედი რეალური შესაძლებლობების განვითრების, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის, ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება და ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

XS
SM
MD
LG