Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში დაიწყო აშშ-ის ანტისარაკეტო ფარის განთავსება


რუმინეთში ამოქმედდა აშშ-ის მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, რასაც მყისვე მოჰყვა რუსეთის მძაფრი კრიტიკა. სამხრეთ რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე 12 მაისს აშშ-სა და ნატოს მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს 800 მილიონ დოლარად შეფასებული საჰაერო თავდაცვის ფარის ამოქმედების ცერემონიაში. ოფიციალური ინფორმაციით, სისტემამ უნდა უზრუნველყოს ევროპის დაცვა ახლო აღმოსავლეთიდან მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ქვეყნის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იოჰანისმა განაცხადა, რომ ანტისარაკეტო ფარი „არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ". მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „რუსეთისათვის აშკარა საფრთხე“ უწოდა რუმინეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას. სტოლტენბერგმა „უპასუხისმგებლო“ და „უსაფუძვლო“ უწოდა კრემლის ამ განცხადებას. 13 მაისს პოლონეთის დაბა რეძიკოვოში იგეგმება აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის კიდევ ერთი კომპლექსური სისტემის მშენებლობის დაწყება.

XS
SM
MD
LG