Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ცნობას სირიაში პალმირასთან სამხედრო ბაზის აშენების შესახებ


რუსეთი უარყოფს ცნობას, რომ სირიაში სამხედრო ბაზა ააშენა ზონაში, რომელშიც მდებარეობს ანტიკური პერიოდის ქალაქი პალმირა. პალმირა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. რუსმა სამხედროებმა 17 მაისს განაცხადეს, რომ საქმე ეხება დროებით ბანაკს და მასში დაბინავებული არიან ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტები, რომლებსაც ევალებათ ისლამისტი ექსტრემისტების მიერ ჩადებული ნაღმების ამოღება. ამავე ცნობით, სირიის მთავრობას გაცემული აქვს ნებართვა ბანაკზე, რომელიც მოიცავს ასევე საველე ჰოსპიტალსა და პურის საცხობს. მაგრამ სირიის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნავს - პალმირის ძეგლები უკეთ არის დაცული რუსების იქ ყოფნის წყალობითო - საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესს" უთხრა, რომ მისთვის რომ ეკითხათ, არ გასცემდა პალმირის ზონაში ბანაკის აშენების უფლებას. სირიის ჯარებმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო მხარდაჭერით მარტში აღადგინეს კონტროლი პალმირაზე და მისგან არც ისე შორს ჯერ კიდევ გრძელდება ბრძოლა.

XS
SM
MD
LG