Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებათა პროექტი


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებათა პროექტი, რომელიც პარლამენტმა გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტისგან 19 მაისს, საღამოს მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დღეს დილით გაიგზავნა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისია თავის დასკვნას შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოგზავნის“, - განუცხადა ჟურნალისტებს იმერლიშვილმა. შეკითხვას, აპირებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტო დაადოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შეტანილ ცვლილებებს, ირინა იმერლიშვილმა უპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის მიერ ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნას ზედმეტი აჟიოტაჟი უწოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. „გაუგებარია, რატომ ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შეტანილ ცვლილებებს პარლამენტი არ აგზავნის ვენეციის კომისიაში“, - განუცხადა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მანანა კობახიძემ. მისი თქმით, კანონპროექტი თავისი განმარტებითი ბარათით და თარგმანით მზად არის, მას პროცედურის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაუგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც, როგორც მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, განხილვის თხოვნით მიმართავს ვენეციის კომისიას.

XS
SM
MD
LG