Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია


დღეს თბილისში გაიმართა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში დაარსდება. პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა, პროექტს კი მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ.“ ფონდი დააფინანსებს ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მივლინებებსაც.საქართველოს მთავრობის განცხადებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა გულსიხმობს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ამ მიზნით შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევებისთვის. საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაც. მათ შორისერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - ონკოლოგიის ადრონული თერაპია.

XS
SM
MD
LG