Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტმა გენოციდად ცნო ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი განადგურება


გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ. გერმანელმა კანონმდებლებმა სომეხთა გენოციდი აღიარეს მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაფრთხილებისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა ზიანს მიაყენებდა ორმხრივ ურთიერთობას. თურქეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების დახოცვის გენოციდად მიჩნევას. გერმანიის პერლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, ანკარამ ბერლინიდან გაიწვია თურქეთის ელჩი, ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა: „თურქი ერის ისტორია ნათელია. ჩვენს წარსულში არ არსებობს მოვლენა, რომლის გამოც თავი სირცვხილით უნდა დავხაროთ“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა დადებითად შეაფასა გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც მისი თქმით, წვლილს შეიტანს საყოველთაო ბრძოლაში გენოციდების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების თავიდან ასაცილებლად. მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG