Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი განიხილავს ახალ ზომებს გერმანიის წინააღმდეგ, სომეხთა გენოციდის ცნობის გამო


თურქეთი აპირებს მეტი ზომის მიღებას გერმანიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც გერმანიის პარლამენტმა 2 ივნისს დაამტკიცა რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი განადგურების გენოციდად აღიარების შესახებ. თურქეთმა იმავე დღეს გაიწვია ბერლინიდან თავისი ელჩი. 3 ივნისს კი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა „ისტორიული შეცდომა“ უწოდა გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას. „თურქი ხალხისათვის არასოდეს იქნება მისაღები (მომხდარის გენოციდად შეფასება). ეს რეზოლუცია ჩვენთვის ფარატინა ქაღალდია. ჩვენ კონსულტაციებისათვის გავიწვიეთ თურქეთის ელჩი. მომდევნო დღეებში დეტალურად განვიხილავთ, როგორ იმოქმედებს პარლამენტის ეს რეზოლუცია გერმანიასთან ჩვენს ურთიერთობაზე“, - განაცხადა ილდირიმმა. თუმცა, მისივე თქმით, არავინ უნდა ელოდეს ორმხრივი ურთიერთობის „მთლიანად გაუარესებას“. ისტორიკოსების ხელთ არსებული მონაცემებით,1,5 მილიონამდე სომეხი იქნა მოკლული ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ მოვლენებს ბევრი მეცნიერი მიიჩნევს მე-20 საუკუნის პირველ გენოციდად. ხოლო თურქეთისათვის მიუღებელია მომხდარის გენოციდად მიჩნევა. მისი ვერსიით, დაღუპულების რიცხვი გაზვიადებულია და მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო ომს და არა ოსმალეთის მიზანმიმართულ ზომებს სომხების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG