Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკო ამბობს, რომ მზად არის სეპარატისტებთან მოსალაპარაკებლად


უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო ამბობს, რომ მზად არის აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებთან მოლაპარაკებისათვის, რათა ბოლო მოეღოს ორი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტს. სავჩენკომ 7 ივნისს უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომ, მისი აზრით, სეპარატისტების ლიდერებთან პირდაპირი მოლაპარაკება უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი სამშვიდობო პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და უკრაინა. „არ მინდა, დონბასის დასაცავად იმდენი სისხლი დაიღვაროს, როგორც რუსეთმა გააკეთა ჩეჩნეთში, ან ახლა აკეთებს დაღესტანში, ან გააკეთა აფხაზეთსა და (სამხრეთ) ოსეთში. მინდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას ამ ხალხთან. ვიცი, რომ პატიება უნდა ვისწავლოთ“, - უთხრა სავჩენკომ რადიო „ერას“ და დასძინა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს. სავჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროდ მიაჩნია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რადგან მოსკოვს ჯერაც ვერ გაუცნობიერებია, რომ უკან უნდა დაიხიოს. სავჩენკოს წინადადებას უკვე მოჰყვა სეპარატისტების წარმომადგენლის, დენის პუშილინის გამოხმაურება. პუშილინის თქმით, დონბასის წარმომადგენლები მზად არიან დიალოგისათვის, თუ სავჩენკო შესაბამისი უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი.

XS
SM
MD
LG