Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილესთან, ევრილ ჰეინსთან და პრეზიდენტის თანაშემწესთან ევროპის საკითხებში, ჩარლზ კაპჩანთან. „დღის წესრიგი უცვლელია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას გადაიყვანს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში და ამ ურთიერთობების შედეგები გამოხატული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, თეთრ სახლში შეხვედრა საინტერესო გამოდგა, რადგან მოსალოდნელზე მეტი სიურპრიზი დახვდათ. „საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საინტერესო სიახლეს განაპირობებს საქართველოში ახლახან ჩატარებული ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი,“ რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო. „ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ უკვე თბილისში ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავასრულებთ შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტში“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი 10 ივნისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG