Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსმა ჰაკერებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის კომპიუტერები


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მმართველი ორგანოს, დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, რუსეთის მთავრობის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა გატეხეს ამ კომიტეტის კომპიუტერები და ხელთ იგდეს გამოკვლევა, რომელიც დემოკრატებმა ჩაატარეს პრეზიდენტობის სავარაუდო რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის შესახებ. კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ რუსეთის მთავრობას რაიმე კავშირი აქვს ჰაკერების ამ ოპერაციასთან, რომელზეც პირველად, 14 ივნისს, ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა". კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლებისა და ექსპერტების განცხადებით, გასული კვირის მიწურულს დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის დავალებით ჩატარდა კომპიუტერული სისტემის შემოწმება და ჰაკერები დაბლოკეს. როგორც იუწყებიან, ჰაკერების ორმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ამერიკელი დემოკრატების მმართველი კომიტეტის სისტემაში და ელექტრონული მიმოწერის წაკითხვა. კიბერკომპანია „კრაუდსტრაიკი“, რომელმაც დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის დავალებით, მისი კომპიუტერული სისტემა გაწმინდა, აღნიშნავს, რომ „ჰაკერების ორივე ჯგუფი მონაწილეობს ფართომსაშტაბიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჯაშუშურ საქმიანობაში რუსეთის ფედერაციის მთავრობის სასარგებლოდ და, სავარაუდოდ, მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მთავრობის ძლიერ და დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო სამსახურებთან.“ ცნობებში ნათქვამია ისიც, რომ რუსი ჯაშუშების ინტერესის საგანი იყო დონალ ტრამპის, პრეზიდენტობის სავარაუდო დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, ისევე როგორც რესპუბლიკური პარტიის ზოგი კომიტეტის კომპიუტერებიც.

XS
SM
MD
LG