Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრესკონფერენცია გამართეს ეროსი კიწმარიშვილის ძმამ და ოჯახის ადვოკატებმა


დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატებმა და ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა. ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვალებამდე ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში გამოტოვებულია. ჩიქოვანის განცხადებითვე, საეჭვოა, რატომ არ აღმოჩნდა ავტომობილში სხვა პირების ტანსაცმლის კვალი. ადვოკატის ცნობითვე, იარაღის ლულაზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია ორი კვალი. „პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა ექსპერტიზა ამბობს, რომ სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი შესაძლოა, ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს, ამიტომ კითხვა ჩნდება, რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა. ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო და არგუმენტად მოიყვანა ავტომანქანის გარეთ სისხლის კვალის არარსებობა. საქართველოს პროკურატურამ 22 ივნისს გამოაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი თვითმკვლელობამდე მიზანმიმართულად არავის მიუყვანია, არავის არ მოუკლავს და მან თავი მოიკლა. ამ დასკვნის საფუძველზე პროკურატურამ შეწყვიტა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 2014 წლის ივლისში, დაწყებული გამოძიება.

XS
SM
MD
LG