Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „არაკომპეტენტური“ უწოდა აშშ-ის ყოფილ ელჩს, მაიკლ მაკფოლს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ „არაკომპეტენტური“ უწოდა მოსკოვში აშშ-ის ყოფილ ელჩს, მაიკლ მაკფოლს და ვაშინგტონი გააკრიტიკა რუს დიპლომატებზე „ზეწოლისათვის“. განცხადება, რომელიც ზახაროვამ 28 ივნისს გააკეთა, მისთვის უჩვეულოდ უხეში იყო. წინა კვირებში ამერიკელი ოფიციალური პირები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ამერიკელ დიპლომატებს დისკომფორტს უქმნიან და სულ უფრო აქტიურად უთვალთვალებენ. დიპლომატების მხრიდან საჯარო კრიტიკის ფონს ქმნის აშშ-რუსეთის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობა: აშშ-ს რუსეთისათვის დაწესებული აქვს სანქციები უკრაინის გამო და ნატო აპირებს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას აღმოსავლეთ ევროპაში. გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ 27 ივნისის ნომერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ მარტში, მოსკოვში ვიზიტისას და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას წამოჭრა ამერიკელ დიპლომატებთან მოპყრობის საკითხი. ზახაროვამ, თავის მხრივ, უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის მიერ რუსი დიპლომატების შევიწროვების გამო და განსაკუთრებით მკაცრად გააკრიტიკა მაკფოლი, რომელიც 2012-2014 წლებში მსახურობდა რუსეთში აშშ-ის ელჩად.

XS
SM
MD
LG