Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთის კონფლიქტის მსხვერპლს შორის ბევრი სამოქალაქო პირია


ქაბულში გაეროს მისიის მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ავღანეთში კონფლიქტის მსხვერპლს შორის სამოქალაქო პირების წილმა და ბავშვებს განსაკუთრებით ძვირად უჯდებათ ბრძოლაში ექსტრემისტების გააქტიურება. გაეროს მისიის ანგარიშში, რომელიც 25 ივლისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გაერომ აღრიცხა 1601 სამოქალაქო პირის დაღუპვისა და 3565 სამოქალაქო პირის დაჭრის შემთხვევები. ეს მაჩვენებლები 4%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ანგარიშის მიხედვით, ბავშვები შეადგენენ მსხვერპლის მესამედს, რაც 18%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით. ავღანეთში გაეროს მისიის ეს ანგარიში გამოქვეყნდა სულ ორ დღეში მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიღუპა და 230-ზე მეტი დაიჭრა ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქებაზე, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG