Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში მძევლად აიყვანეს სასწრაფო დახმარების თანამშრომლები


სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ ოპოზიციის შეიარაღებულმა წევრებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ოთხი წევრი აიყვანეს მძევლად. პოლიციის წარმომადგენლის, აშოტ აგარონიანის განცხადებით სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მაშინ დაატყვევეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ შეიარაღებული ჯგუფის დაჭრილი წევრების დახმარებას. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ გასათავისუფლებლად. ექიმთა მძევლად აყვანას წინ უძღოდა სროლა ერევნის პოლიციის იმ შენობასთან, სადაც კვირაზე მეტია იმყოფებიან ოპოზიციური მოძრაობის, „სომხეთის დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული მხარდამჭერები. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, მამა-შვილი პაველ და არამ მანუკიანები და პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აგარონიანის ცნობითვე, სამართალდამაცვებს ჩაბარდა შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი. ერევნის ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებას თავს 17 ივლისს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც პოლიციის ერთი ოფიცერი მოკლეს, რამდენიმე დაჭრეს და მძევლად აიყვანეს ათამდე ადამიანი. გასული დღეების განმავლობაში თავდამსხმელებმა ეტაპობრივად გაათავისუფლეს ყველა მძევალი, თავად კი ამ დრომდე რჩებიან პოლიციის შენობაში. ოპოზიციური გაერთიანების, „სომხეთის დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული მომხრეები მოითხოვენ რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ლიდერის, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას და ნდობის მთავრობის შექმნას.

XS
SM
MD
LG