Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სპორტსმენებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო დასტური რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე


რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 250-მდე რუს სპორტსმენს ჯერაც არ მიუღია საბოლოო დასტური ასპარეზობაში მონაწილეობაზე. ყველა რუს ათლეტს სჭირდება თანხმობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი საბჭოსაგან, რომელიც შეიქმნა თითოეული ათლეტის საქმის შესასწავლად და გადასწყვეტად, შესრულებულია თუ არა მათ შემთხვევაში ყველა მოთხოვნა, დაწესებული რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი დოპინგის სისტემის გამოაშკარავების შემდეგ. ამ სამწევრიანი საბჭოს საბოლოო დასტურის გარეშე ვერც ერთი რუსი ათლეტი ვერ მიიღებს მონაწილეობს რიოს ოლიმპიურ თამაშებში. საბჭო 30 ივლისს შეიქმნა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, არ აუკრძალოს რუსეთის მთელ ოლიმპიურ ნაკრებს რიოს თამაშებში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად დადგინდა რუსეთში სპორტის მრავალ სახეობაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი დოპინგის სისტემის მოქმედება. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ მოისურვა რუსეთის მთელი ნაკრების დისკვალიფიკაცია. რუსეთის ნაკრებში შეყვანილი 387 ათლეტიდან დისკვალიფიცირებულია 117, დარჩა 250 სპორტსმენი, რომელიც უკვე ჩავიდა ბრაზილიაში და ახლა ოლიმპიური კომიტეტის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

XS
SM
MD
LG