Accessibility links

ახალი ამბები

„ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები განცხადებით გამოეხმაურნენ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ. კამპანიის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ დაუშტრიხავი ფორმით ვიდეოკადრების გავრცელების გამო შესაძლებელი გახდა ასახული პირების იდენტიფიცირება და ვიდეოკადრები აიტვირთა YouTube-ზეც. „კადრების ამ ფორმით გავრცელება არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას“ - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიუღებელია ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის გამოყენება წამების ჩამდენი პირების მიმართ. „სამწუხაროა, რომ მსგავს დანაშაულს და მის მასშტაბს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებელი პირები კი უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი და მათ შორისაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდ გავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და „ციხის კადრები“ გაყალბებულია“ - ნათქვამია განცხადებაში. „ეს შენ გეხება“-ს მონაწილეთა განცხადებით, თუ არსებობს ეჭვი ამა თუ იმ კადრის ავთენტურობის მიმართ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას შეკითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები, მაგრამ დანაშაულის არსებობის უარყოფა, მაშინ, როცა ეს დადასტურებულია არა მხოლოდ კადრებით, არამედ კვლევებით და კონკრეტული საქმეებით, ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულის მონაწილეთა დაუსჯელად დატოვებას და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლთ. სამოქალაქო კამპანიის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ვიდეოკადრების დროულად დაბლოკვასთან ერთად, დაიწყოს მათი მოპოვება-გავრცელებისა და შინაარსის გამოძიება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას. პატიმართა წამების ვიდეოკადრები 14 აგვისტოს გაავრცელა გაზეთმა „ქრონიკა +“-მა, რომლის მტკიცებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებული ვიდეომასალის კონკრეტული ეპიზოდები დადგმული იყო.

ყველა ახალი ამბავი

რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ხედავს საფრთხეს ავღანეთში მყოფი ექსტრემისტებისაგან

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) უფროსის, ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს იყრიან ჩრდილოეთ ავღანეთში, ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებთან.

FSB-ს უფროსმა ამის შესახებ განაცხადა 21 მაისს, ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთში ვიზიტის დროს. რუსეთი წლებია აცხადებს, რომ არსებობს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მოხვედრის საფრთხე.

ექსპერტების შეფასებით, რუსეთი აზვიადებს რიცხვებს, როცა ექსტრემისტების რაოდენობაზე ლაპარაკობს, რათა გაამართლოს კონტაქტები ავღანელ თალიბებთან და დაარწმუნოს ცენტრალური აზიის მთავრობები, რომ თავდაცვისათვის რუსეთის დახმარება სჭირდებათ.

ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ავღანეთში იმყოფება „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მებრძოლი. ხოლო ბორტნიკოვის ინფორმაციით, 5000-მდე ექსტრემისტი გადაადგილდა ავღანეთის ჩრდილოეთი პროვინციების მიმართულებით.

ლევან ახვლედიანი: ვეცდებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადამ არ გადაიწიოს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადები მაქსიმალურად დაცული იყოს, თუმცა ფინანსური დახურვის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს", - უთხრა ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახვლედიანის განცხადებით, საჭიროა დამატებითი მოლაპარაკებები, ამიტომ, ფინანსური დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისამდე იყო განსაზღვრული, გადაიწევს.

"შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით ფინანსური დახურვისა და მოლაპარაკებების ვადებთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვადები დავიცვათ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა მთავრობის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მთავრობა პროექტის კომერციულ რისკებს არ დააზღვევს.

"ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართულია, ტვირთბრუნვის პროგნოზიც ძალიან დადებითია. აქ არის საუბარი გარკვეულ რისკებზე, რომელიც დადებით თუ უარყოფით პროგნოზებთან კავშირში არ არის", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს

ოპოზიციის მიტინგი სოხუმში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიციის მიერ შექმნილმა „სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნულმა მოძრაობამ“ გაავრცელა მიმართვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უვადო აქციის დაწყების და აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ოპოზიციის შტაბი ირწმუნება, რომ ეს არის „ხალხის პასუხისმგებლიანი და საღად მოაზროვნე წარმომადგენლების იძულებითი ზომა, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაცვა უპასუხისმგებლო, მატყუარა და კორუფციაში ჩაფლული მოქმედი ხელისუფლების განუკითხაობისგან.“

ოპოზიცია აცხადებს, რომ თავისუფლება საფრთხეშია.

„სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციური ძალის საერთო კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის გამო, 20 მაისს სოხუმში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეებმა პარლამენტს მიმართეს ბჟანიას გამოჯანმრთელებამდე გადადებულიყო 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, რაულ ხაჯიმბას ზეწოლით, პარლამენტმა უარი თქვა არჩევნების 23 ნოემბრისთვის გადატანაზე.

ოპოზიციის განცხადებითვე, ხაჯიმბამ უარი თქვა თანამოქალაქეებთან დიალოგზეც და პარლამენტის შენობასთან „ცოცხალ ფარად“ გამოიყენა მილიცია, უშიშროების სამსახური, საკუთარი თანამოაზრეები და მათი ოჯახის წევრები, რამაც კონფლიქტური სიტუაცია შექმნა.

„მოსახლეობის არჩევანის თავისუფლების დასაცავად მოვითხოვთ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას, თავისუფალ არჩევნებს და პატიოსან კონკურენციას და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მოთმინება და ურთიერთპატივისცემა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია მიმართავს სამართალდამცავებს, დადგნენ ხალხის გვერდით, ხელი არ შეუშალონ თავისუფალი ნების გამოხატვას და იმოქმედონ მხოლოდ მოქალაქეების დასაცავად.


„ანაკლიის კონსორციუმი“:  8-დან 7 მოთხოვნა შეთანხმებულია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ინვესტორი ბანკების 8 მთავარი მოთხოვნიდან შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი პრინციპული საკითხი - ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნა.

ახვლედიანის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება - საუბარია გარკვეულ ალტერნატივაზე, დანარჩენი 7 მთავარ მოთხოვნაზე კი შეთანხმება შედგა.

„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკს, არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე. ამ ალტერნატიულ ვარიანტზეც ვიმუშავებთ და უახლოეს მომავალში დამატებითი განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა 21 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB), რომლებიც პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებენ, საქართველოს მთავრობასთან სულ 8 მოთხოვნა აქვთ.

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად სწორედ კომერციული რისკების დაზღვევას ასახელებენ.

21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.

ზელენსკიმ გასცა ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების 21 ივლისს დანიშვნის შესახებ

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გასცა ბრძანებულება ქვეყნის პარლამენტის, ვერხოვნა რადას დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების 2019 წლის 21 ივლისს დანიშვნის შესახებ.

პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ის ძალაში შედის გამოქვეყნების დღესვე, ანუ 21 მაისს.

ბრძანებულებაზე ხელის მოწერამდე ზელენსკი ესაუბრა ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის შემდეგ მან პარლამენტის დათხოვნაზე გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად დაასახელა პარლამენტის მიმართ მოქალაქეების „ძალიან დაბალი“ ნდობა, სულ 4%.

ხაჯიმბამ ოპოზიცია დაადანაშაულა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში

რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია დაადანაშაულა დესტრუქციულ ქმედებებში, რომელთა მიზანია ხელისუფლების მიტაცება.

მოსახლეობისადმი სპეციალურ მიმართვაში ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე ზრუნვა მხოლოდ საბაბია, რეალურად კი ოპოზიციის ამოცანაა პრეზიდენტის ვადამდე გადადგომა.

ხაჯიმბას მტკიცებით, მისი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეპუტატის და მისი თანაშემწეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამართალდამცავები კი საქმეს რუს კოლეგებთან ერთად იძიებენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებითვე, ოპოზიციის მიერ გზების გადაკეტვა, სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება და სხვა ქმედებები ხელს უწყობს დესტაბილიზაციის შექმნას და ემთხვევა საკურორტო სეზონის დაწყებას.

ხაჯიმბა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს, თუმცა, ოპოზიციის ქმედებები ამწვავებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას და ბოლო დღეების ფაქტები ადასტურებს, რომ არსებობს ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ხელისუფლების ორგანოები მიმართავენ აუცილებელ ზომებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად და პროვოკაციების აღსაკვეთად. დე ფაქტო პრეზიდენტი მოქალაქეებს მიმართავს, არ აყვნენ პროვოკაციებს და სიფრთხილე და გამძლეობა გამოიჩინონ.

ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

საჩივარი ეხებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენს, რომლითაც გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იყო ცნობილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით), სასჯელის ზომად კი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით.

პროკურატურის ცნობით, გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებები გამოირკვა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის ცნობით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განმარტავს:

„სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი... საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ბაზარზე ერთობლივად უფრო იოლად შევლენ

უკრაინა და საქართველო ერთობლივად შექმნილ პროდუქციას უფრო იოლად გაიტანენ ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლაპარაკია სქემებზე, რომლებიც პროდუქციის ერთობლივი გადამუშავებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირების გამარტივების შესაძლებლობას გააჩენს.

„პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება უკრაინაში და დასრულდება საქართველოში, უფრო მარტივად მიეწოდება ევროკავშირის ბაზრებს და ასევე პირიქით, პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება საქართველოში და დასრულდება უკრაინაში, უკეთესად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

თუკი ამჟამად უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ვითარება შეიცვლება.

„ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, უკვე დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და მისი ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

ახალ შეთანხმებას ხელი მოეწერა უკრაინის დედაქალაქ კიევში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, სტეფან კუბივმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც ცვლილება შევიდა ორ ქვეყანას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.

ხელმოწერის ცერემონია გაიმართა კიევში მიმდინარე ევროკავშირისა და DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების) პარტნიორების მეორე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში.

ზელენსკის მრჩევლის ვარაუდით, უკრაინაში ივლისში გაიმართება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტის შენობიდან გადის 2019 წლის 20 მაისს ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერს ბრძანებულებას პარლამენტის მალე დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს, ან დაახლოებით ამ პერიოდში დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ანდრეი ბოჰდანმა.

პრეზიდენტად ინაუგურაციის მომდევნო დღეს, 21 მაისს, ზელენსკი პარლამენტის დათხოვნის გეგმაზე ესაუბრა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის შემდეგ კი მისმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „უახლოეს მომავალში“ მოაწერს ხელს ბრძანებულებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

ხოლო ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გადაწყვეტილი აქვს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. „პარლამენტის დათხოვნის მთავარი მიზეზია მოქალაქეების ძალიან დაბალი ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ - სულ 4%“, - განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მმართველი კოალიცია „ევროპული უკრაინა“ 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა პეტრო "პოროშენკოს ბლოკის", "სახალხო ფრონტის", "სამოპომიჩის", "ბატკივშჩინისა" და "რადიკალური პარტიის" მონაწილეობით. მათგან ბოლო სამი 2015-2016 წლებში ჩამოშორდა მმართველ გუნდს.

უკრაინის კონსტიტუციით, არჩევნები უნდა ჩატარადეს არაუგვიანეს ორ თვეში პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანებულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

მამუკა ბახტაძე: სანამ ქვეყანაში ოკუპაცია და სიღარიბეა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ის წარმატებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება ბოლომდე წარმატებული უწოდოს საკუთარ თავს, მანამ, სანამ საქართველოს აქვს ორი გადაუჭრელი და მტკივნეული პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე.

„როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის სიტყვებით, ხელისუფლების შეფასების ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არჩევნებია. საქართველოში ჩატარებული ბოლო, შუალედური არჩევნების მონაცემებით კი, პრემიერის თქმით, ხელისუფლებისადმი ნდობა 60%-ს შეადგენს.

მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს საზოგადოების წინაშე არსებული ყველა პრობლემა აქვს გააზრებული და ეს პრობლემები, ბახტაძის სიტყვებით, ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება.

ტაჯიკი ოპოზიციონერები მთავრობას ადანაშაულებენ ციხეში ამბოხებაზე სიმართლის დამალვაში

მკაცრი რეჟიმის კოლონია ტაჯიკეთში

ტაჯიკეთში აკრძალული ოპოზიციური „ისლამური აღორძინების პარტია“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ციხეში 19 მაისის ამბოხებაზე სიმართლის დამალვაში.

ოფიციალური ინფორმაციით, დუშანბესთან მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში არეულობისას დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის „ისლამური აღორძინების პარტიის“ სამი წევრი.

მაგრამ „ისლამური აღორძინების პარტიამ“ 20 მაისს განაცხადა, რომ მისი წყაროების თანახმად, დაღუპულების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია. ეს პარტია მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა იყო, სანამ მას მთავრობა 2015 წელს აკრძალავდა, რაც ბევრს მიაჩნია გაუმართლებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ციხის სამი მცველი და 29 პატიმარი დაიღუპნენ არეულობისას დუშანბეს აღმოსავლეთით 15-მდე კილომეტრში, ვადატის რაიონში მდებარე კოლონიაში.

სამინისტროს თანახმად, მოკლულ პატიმრებს შორის იყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 17 წევრი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას.

საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ სომეხი ვარსკვლავი არ ითამაშებს ბაქოში

სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი არ იქნება ინგლისის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ შემადგენლობაში, როცა ეს გუნდი 29 მაისს ბაქოში ეთამაშება ინგლისისვე „ჩელსის“ უეფას ეროპის ლიგის ფინალურ მატჩში.

„არსენალმა“ 21 მაისს გამოხატა „დიდი იმედგაცრუება“ იმით, რომ მხითარიანი არ გაემგზავრება აზერბაიჯანში.

„ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ გუნდში მიკის ჩართვის ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მიკისთან და მის ოჯახთან საუბრის შემდეგ ყველანი შევთანხმდით, რომ ის არ იქნება მათ შორის, ვინც (ბაქოში) გაემგზავრება“, ნათქვამია განცხადებაში.

„არსენალ“- „ჩელსის“ შეხვედრა იქნება ევროპის საკლუბო ასპარეზობის პირველი ფინალური მატჩი, რომელსაც აზერბაიჯანი უმასპნძლებს და მხითარიანის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მძიმე დარტყმა მიაყენოს ბაქოს, როგორც მსხვილი სპორტული ასპარეზობის მასპინძლის იმიჯს.

აზერბაიჯანს სურს ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა.

ლევან კობიაშვილი: „ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების უმკაცრესად დასჯას აპირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სპორტსმენების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კობიაშვილმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„არავინ გაბედოს ამ ფეხბურთელების დაცვა. ყველას დავუპირისპირდები. ისინი რასაც იმსახურებენ, იმას მიიღებენ. ამის გარანტიას მე ვიძლევი. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტისვე სიტყვებით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ფედერაციის სადისციპლინო სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ, სხვა ფეხბურთელებისა და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომლებთანაც საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იკვეთება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ვეტერანი ფეხბურთელი დააკავა. მათ უკვე ბრალიც წარუდგინეს. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალი "W" ლევან გელბახიანს კანი 2019-ის ტალანტებს შორის ასახელებს

ამერიკული ჟურნალი W, რომელიც კულტურასა და მოდაზე წერს, წლევანდელი კანის ფესტივალსაც ეხმიანება და მკითხველს კანი 2019-ის გამორჩეული ტალანტების სიას სთავაზობს.

„ნახეთ კანი-2019-ის საინტერესო ტალანტები“, - წერს ჟურნალი და კინოს ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან ადამ დრაივერი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და სხვები, ქართველი მსახიობის, ლევან გელბახიანის პორტრეტსაც აქვეყნებს.

ლევან გელბახიანი მთავარი გმირია ქართულ-შვედური ფილმისა "And Then We Danced", რომელიც კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული.

ფილმის რეჟისორია ლევან აკინი,სტოკჰოლმში დაბადებული შვედი რეჟისორი ქართული წარმოშობით, რომლისთვისაც ეს პირველი სარეჟისორო ნამუშევარი არ არის. ლევანის მშობლები შვედეთში საცხოვრებლად გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდნენ.

ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა წამყვანი როლისათვის, რომელსაც ეს ქვეყანა ასრულებს ძალისხმევაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

20 მაისს პრეზიდენტად ინაუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას, ზელენსკიმ აშშ-ს უწოდა უკრაინის „მძლავრი და ძალიან სერიოზული პარტნიორი, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიის დასაძლევად“. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას: „ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება. მსურს მოგიწოდოთ, რომ აშშ-მა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება“.

ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა უკრაინაში „გამჭვირვალე, ღია და დემოკრატიული რეფორმების“ ჩასატარებლად.

იმავე დღეს ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სანქციებით ზეწოლას რუსეთზე.

ლადო კახაძე მთაწმინდელებს: მადლობა მხარდაჭერის და შეწუხებისთვის

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის მებრძოლი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდელებს მადლობას უხდის და მოუწოდებს, მეორე ტურში დაირაზმნონ, რათა „გაორმაგებული“ შედეგი მიიღონ.

„ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ“.

კახაძის განცხადებით, უცვლელია მთაწმინდასთან დაკავშირებული მისი მისი გეგმები და დაპირებები:

ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - აცხადებს ლადო კახაძე.

ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მთაწმინდის 31-ივე უბნის მონაცემების თანახმად, 19 მაისის არჩევნებში კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო შავგულიძემ 36,83%.

რომან გოცირიძე ლარის კურსის ვარდნას არჩევნების დასრულებას უკავშირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, არჩევნებამდე ხელისუფლება ლარის კურსის „ხელოვნურად დაჭერას“ ცდილობდა.

„მერამდენეჯერ მეორდება ერთი და იგივე სურათი. არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება, მთავრობა და ეროვნული ბანკი წინასწარ, წინასაარჩევნოდ ყველა მეთოდით ცდილობენ, მათ შორის ბანკებზე ზემოქმედების გზით ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას“ - განაცხადა რომან გიცირიძემ.

მისივე თქმით, „სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება არარაციონალურად, იფლანგება და იპარავენ უამრავ ფულს.“

დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.

კახა კალაძე: ვისურვებდი, ყველა მინისტრი ჩემზე მაღალი რეიტინგის იყოს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ NDI-ს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არ ენდობა და მას ამის საფუძველი აქვს, რადგან „წლების განმავლობაში NDI ამ კვლევებით ყოველთვის მანიპულირებდა და აცდენილი იყო რეალურ შედეგებს":

„შეგიძლიათ ნახოთ, რა შედეგები იდებოდა წინასაარჩევნოდ და რა შედეგებით სრულდებოდა ხოლმე არჩევნები. როცა კვლევას ატარებ, ცდომილება შეიძლება იყოს 2-3 პროცენტი, მაგრამ 15, 20, 30-პროცენტიანი ცდომილებებია, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს“, - განაცხადა კალაძემ - „თქვენ თუ გინდათ მათქმევინოთ, რომ ვენდობი კვლევას ჩემს ნაწილში, "რა კაია" და ტაში დავუკრა, ეგრე არ არის“.

მედიის შეკითხვაზე, კალაძის აზრით, რით არის გამოწვეული კონკრეტულად მისი მაღალი რეიტინგი, კალაძემ ასე უპასუხა:

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ზუსტად ეს განწყობა, დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ დედაქალაქის მოსახლეობისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, რასაც ვუფრთხილდები. ჩემს თანამშრომლებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა არ შენელდეს“.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი რეიტინგით მხოლოდ იამაყებენ და ეს მას თანაგუნდელებთან ურთიერთობაში პრობლემებს არ შეუქმნის.

"გუნდში რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უკეთესია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით და გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებით დამოკიდებულებას ავლენს დავით სერგეენკოსა და კახა კალაძის (40-40%) მისამართით.

ჩეჩენი აქტივისტი ოიუბ ტიტიევი ითხოვს ციხიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებას

დაპატიმრებული ჩეჩენი უფლებადამცველი იოუბ ტიტიევი ითხოვს ციხიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

ტიტიევს, რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელია, წელს 18 მარტს მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.

„მემორიალის“ განცხადებით, ამასობაში, ტიტიევმა მოიხადა პატიმრობის ვადის მესამედი, რის გამოც შეუძლია ითხოვოს პირობით ვადამდე გათავისუფლება.

შალის საქალაქო სასამართლოს 15 მაისს მიმართეს შესაბამისი შუამავლობით. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ტიტიევი მკაცრად იცავდა კოლონიის შიდა განაწესს.

ოიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს, გამოძიების ვერსიით, მის მანქანაში მარიხუანის პოვნის გამო. აქტივისტი ირწმუნება, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს.

კობა გვენეტაძე: ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა

კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალუტის გაცვლითი კურსის მოკლევადიან რყევაზე განმარტებას არ აკეთებს.

„გაცვლით კურსთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლევადიან პერიოდში არსებულ რყევებზე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგან ეს შეუძლებელია, რადგანაც ლარზე და გაცვლით კურსზე ზოგადად, კომპლექსურად მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით.

„ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“ - თქვა გვენეტაძემ. მისივე თქმით, სულ ახლახან, თბილისში ვიზიტისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ინფლაცია დაბალია.

დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.

„კომერსანტის“ ჟურნალისტები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ რუსეთი „იმსახურებს სიტყვის თავისუფლებას“

რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ „კომერსანტის“ 180-ზე მეტი ჟურნალისტი ხელს აწერს ღია წერილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქვეყანა „იმსახურებს სიტყვის თავისუფლებას“.

ეს ნაბიჯი ერთ დღეში მოჰყვა 10-მდე ჟურნალისტის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა „კომერსანტი“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ორ კოლეგას, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელობის სავარაუდო შეცვლის შესახებ სტატიის გამო.

ორი ჟურნალისტის მოხსნა, ცნობების თანახმად, აქციონერებმა მოითხოვეს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებდეს ვალენტინა მატვიენკო, პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე.

ჟურნალისტები 21 მაისის ღია წერილში აღნიშნავენ, რომ აქციონერები „ანადგურებენ რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო მედიასაშუალებას“ „მოკლევადიანი პოლიტიკური მოგებისათვის“.

„გვჯერა, რომ რუსეთი იმსახურებს უკეთეს მომავალს“, „იმსახურებს სიტყვის თავისუფლებას“, წერენ ჟურნალისტები.

„კომერსანტის“ მფლობელის, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის წარმომადგენელმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ მილიარდერს არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტების მოხსნასთან და რომ ის საერთოდ არ ერევა გაზეთის სარედაქციო გადაწყვეტილებებში.

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორების კომერციული რისკების დაზღვევას არ აპირებს

მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად ასახელებენ კომერციული რისკების დაზღვევას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.

„მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტის მიმართ და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ პროექტში და შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა ​დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად, გვაქვს შეთანხმება მიღწეული” - უთხრა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, იმ საკითხებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად, მთავარი ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევაა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს სწორედ, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, კრედიტორების მოთხოვნების სია საკმაოდ დიდია და მთავრობა მზად არის, რომ მათ ხელი შეუწყოს თითქმის ყველა მიმართულებით.

„ეს ნიშნავს, რომ პირველადი სახით რაც იყო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის, ის გადაიხედება და მნიშვნელოვანდ უმჯობესდება ამ პროექტის სასარგებლოდ და შესაბამისად, კრედიტორების სასარგებლოდ“ - უთხრა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ კომერციული რისკების დაზღვევის საკითხში სახელმწიფო მეტ დათმობაზე ვეღარ წავა.

„მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ტვირთების რისკი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. არსებული პროგრამაც, რაც შეთანხმებული გვაქვს სავალუტო ფონდთან, არ ითვალისწინებს, რომ დამატებით სახელმწიფომ აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პოზიტიურად არის განწყობილი, რადგან პროგრესს ხედავს, თუმცა, საჭირო იქნება მოლაპარაკების კიდევ რამდენიმე რაუნდი.

ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკება გაგრძელდა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში.“

პროცესში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები.

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაახლოებული პირი

ლეონიდ ვოლკოვი

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პროექტების მენეჯერი.

ვოლკოვმა 21 მაისს ტვიტერში დაწერა, რომ მოსკოვში პოლიციელებმა მანქანა გააჩერებინეს და „უცნაური შეკითხვები“ დაუსვეს. შემდეგ ის დააკავეს.

აქტივისტი ავრცელებს ცნობას, რომ მას წაუყენეს საჯარო შეკრების ჩატარების წესების განმეორებით დარღვევის ბრალდება, რაც უკავშირდება სექტემბერში გამართულ დემონსტრაციებს.

რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვოლკოვი ხელმძღვანელობდა ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბს. ნავალნის უარი უთხრეს კანდიდატად რეგისტრაციაზე ნასამართლეობისათვის, რასაც პოლიტიკოსი და მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ შეთითხნილ საქმედ სააჩევნო პროცესიდან ოპოზიციონერის ჩამოსაცილებლად.

ნავალნიმ და მისმა თანამოაზრეებმა 9 სექტემბერს რუსეთის ბევრ ქალაქში გამართეს მასობრივი აქციები საპენსიო ასაკის გაზრდის გეგმის გასაპროტესტებლად. პოლიციელებმა 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის

დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“ - უთხრა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, წელიწადზე მეტია საუბრობენ დედოლარიზაციის აუცილებლობაზე, რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკულ დოლარზე.

„მათ შორის პარლმენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები უნდა დავაწესოთ. შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში და ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება და მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, კიდევ უფრო მეტად გვქონდეს იმუნიტეტი,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დოლარზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე შემცირდება, თუმცა სრულად ვერ გაქრება, რადგან ამერიკული დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა. მაჭავარიანის თქმით, მთავარია შერბილდეს "რყევების ეფექტი."

"მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ის ნაწილი კი, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ტოჩინოშინს ერთი ქულა სჭირდება ოძეკის წოდების დასაბრუნებლად

მაისის ნაცუ ბაშოზე ათი ტურის შემდეგ, ლევან გორგაძის ანგარიშზე ცხრა ქულაა. მეცხრე გამარჯვება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა რიკიშიმ დღეს მოიპოვა იაპონელ კომუსუბი მიტაკეუმისთან და მიმდინარე სუპერტურნირზე თავისი უმთავრესი ამოცანის შესასრულებლად ერთადერთი მოგება სჭირდება. თუ ლევანი დარჩენილი ხუთი ბრძოლიდან ერთს მაინც მოიგებს, მომდევნო ბაშოზე დოჰიოზე ისევ ოძეკის რანგში ავა.

მაისის ბაშოს ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით ატარებს და არა მარტო ოძეკის ტიტულისთვის, არამედ შეჯიბრების უმთავრესი ჯილდოსთვის - „იმპერატორის თასისთვისაც“ იბრძვის. ფინიშამდე ხუთი დღით ადრე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სამი სეკიტორი ლიდერობს: ლევან გორგაძე, იოკოძუნა კაკურიუ და რიგითი მაეგაშირა ასანოიამა.

მაისის ბაშოზე წარმატებულად გამოდის რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელიც - გაგამარუმ ათი ტურის შემდეგ შვიდი ქულა მოაგროვა და საბოლოო დადებითი ბალანსის - კაჩი-კოშის - გასანაღდებლად ერთი მოგება სჭირდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG