Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უდიდესი ქალაქის მერად პატიმარი აირჩიეს


პაკისტანის უდიდესი ქალაქ კარაჩის მერად აირჩიეს პოლიტიკოსი, რომელიც ტერორიზმშია ბრალდებული და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ვასიმ ახტარს, წარსულში მინისტრსა და კანონმდებელს, რომელიც პაკისტანის ნაციონალური მოძრაობის (მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობის) გავლენიანი წევრია, - ქალაქის 294 კაციანი საკრებულოდან მხარი 196-მა დაუჭირა. ახტარი ივლისში დააკავეს და თავდაპირველად ბრალი დასდეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, 2007 წლის მიტინგის სისხლიანი დარბევის თაობაზე მის მიერ გაცემული ბრძანების გამო. მოგვიანებით კი პოლიტიკოსი ამბოხისა და ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს. 25 აგვისტოს კენჭისყრაში ახტარის გამარჯვება დაემთხვა პაკისტანის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, დევნილობაში მყოფი ალტაფ ჰუსეინისათვის ღალატის მუხლით დადანაშაულებას. ამის შემდეგ მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობის მომხრეებმა კარაჩის ტელევიზიაზე მიიტანეს შტურმი და ჟურნალისტები მათი საპროტესტო აქციების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულეს. სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობა ძალადობაში, გატაცებასა და ტერორიზმში ამხილეს. თუმცა პარტია უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG