Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში დამოუკიდებლობის დღე ქარიმოვის გარეშე აღინიშნება


უზბეკეთში საზერიმო ღონისძიებების გარეშე აღნიშნავენ ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკა გაურკვევლობამ მოიცვა ქვეყნის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 28 აგვისტოს უზბეკეთის მთავრობამ გაავრცელა ერთადერთი ცნობა პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, თუმცა კონკრეტული მიზეზის გაუმჟღავნებლობას მოჰყვა სპეკულაციები, რომ საიდუმლო ვითარებაში ხდება თანამდებობიდან ისლამ ქარიმოვის ჩამოშორება, რომელიც 25 წლის განმავლობაში „რკინის ხელით“ მართავს უზბეკეთს. ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ქარიმოვის გარდაცვალების შესახებაც გაავრცელა ცნობა, რაც 31 აგვისტოს უარყო პრეზიდენტის ქალიშვილმა. ლოლა ქარიმოვა-ტილიაევამ 31 აგვისტოს სოციალური მედიით გაავრცელა ცნობა, რომ მისი 78 წლის მამა ცოცხალია და შესაძლოა გამოჯანმრთელდეს მკურნალობის შედეგად, რაც, მისივე ინფორმაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ უტარდება. ისლამ ქარიმოვი დამოუკიდებლობის დღისათვის, 1 სექტემბერს გეგმავდა საყოველთაო საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას. თუმცა, პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო საკონცერტო და სხვა საზეიმო ღონისძიებები გადაიდო. 31 აგვისტოს უზბეკეთში სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის წლიური მიმართვის ტექსტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG