Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ვითრების რადიკალიზაციას გეგმავს


სიტუაციის რადიკალიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი კომენტარი მოჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის 13 სექტემბრის განცხადებას, რომ ზოგიერთი პარტია აპირებს პროვოკაციებს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში და მის შემდგომ. „რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან და არის ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის, და ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ ინტერესებშია სიტუაციის რადიკალიზაცია“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილის განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება შინაგან საქმეთა მინისტრს არ გააჩნია, ამიტომ მთავრობა ვალდებულია გააკეთოს პრევენციული ხასიათის განცხადება, რათა თავიდან იყოს აცილებული სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უარყოფის მიუხედავად ცნობილია, რომ ის ქმნის ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით,“ რომლის პირდაპირი ამოცანაა ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია, ავტომანქანებით შესასვლელებისა და გამოსასვლელების დაბლოკვა და ა.შ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ეს ინფორმაცია კანონიერი გზითაა მოპოვებული. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში სიტუაცია არიოს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რისთვისაც კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს. „მინდა, ვუთხრა ოპონენტებს, რომ საქართველოში არც 2003 წელია, რომ პარალელები გაავლონ და არც სხვა პარალელების გავლება მსურს, როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა. დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, დავიცვათ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და გზა, რომლითაც ქვეყანა დღეს მიდის - ეს არის დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არავის მივცემთ უფლებას, საქართველომ ამ გზიდან გადაუხვიოს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG