Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭომ უცვლელი დატოვა შეიარაღებული ძალების რაოდენობა


საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება და 37 000-მდე დარჩება. აღნიშნულ საკითხზე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იყვნენ. "გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან", - განაცხადა სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, კაპანაძის თქმით, დასახულია საკმაოდ რეალისტური გეგმები. "რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის თავდაცვაზე და არა შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე",- დასძინა ვახტანგ კაპანაძემ. უშიშროების საბჭოზე არ ყოფილა მსჯელობა საბჭოს მდივნის ახალ კანდიდატურაზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

XS
SM
MD
LG