Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას


საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ 18 სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ გახსნა 21 საარჩევნო უბანი. ხოლო რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიიჩნევს მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. "რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა", -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG