Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პირი დააკავეს გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების გამო


საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების გამო, სამართალდამცავებმა დააკავეს ერთი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. ეს მუხლი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, ან გასაღებას. შსს-ს ცნობითვე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია“ - ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს, 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს ცნობითვე, დაუსწრებლად ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შსს-ს განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად ჩატარდა იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების ხელნაწერი წესი და ლიტერატურა,ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები,დისტანციური პულტები, ელექტროსადენები, გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები, ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰექსოგენი და ტროტილი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, 2 ათასზე მეტი ვაზნა და სხვადასხვა სახის 20-ზე მეტი ყუმბარა. საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანა 4 ოქტომბერს ააფეთქეს, თბილისის ცენტრში. აფეთქების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.

XS
SM
MD
LG