Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ. საქართველოს მთავრობის ცნობით, 19 ოქტომბერს, პრაღაში შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე. საქართველოს მთავრობის ცნობითვე, “ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.“ მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს კონკრეტულ შეთანხმებებს რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის და სატრანსპორტო გადაზიდვის გაზრდის შესახებ. „აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კონტაქტების განვითარებას და ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი. პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე რუსეთისგან ელოდება კონკრეტულ ინფორმაციას. საქართველოს მთავრობის ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს საკითხი საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან რუსეთის ფედერაციაში, და აღნიშნეს, რომ განვლილ პერიოდში თავის ოჯახს დაუბრუნდა საქართველოს შვიდი მოქალაქე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით.

XS
SM
MD
LG