Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრა რულოვსმა უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე


ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. სანდრა რულოვსმა ამის მიზეზად დაასახელა უსამართლობა, რის გამო მისთვის „შეურაცხმყოფელია“ მეორე ტურში მონაწილეობა. 22 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგების დათვლის შედეგად, ზუგდიდის სამივე უბანზე უპირატესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ორჯერ მეტი ხმები მიიღო, ვიდრე სანდრა რულოვსმა. სანდრა რულოვსის თქმით, იგი გაკვირვებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს არჩევნები, რომელიც, ყოფილი პირველი ლედის შეფასებით, არნახული ზეწოლის პირობებში ჩატარდა და ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივ გაყალბებას. 8 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნია საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლის განცხადების თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერია.

XS
SM
MD
LG