Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და აშშ გმობენ მოსკოვისა და სოხუმის შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე


საქართველო და აშშ გმობენ შეთანხმებას რუსეთისა და მის მიერ საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში „პროვოკაციულ ნაბიჯად“ არის შეფასებული რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც, საგარეო უწყების შეფასებით, „ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, კერძოდ, ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. 22 ნოემბერს ეს ნაბიჯი დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. ახალი შეთანხმება ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერებას - მაგალითად, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის განვითარებასა და, ომის პერიოდში, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების დაქვემდებარებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე. „ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურობას ე.წ. ხელშეკრულებისა, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებაში. კირბი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მკაფიო პოზიცია აქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ, ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, თავისი სამხედროები დააბრუნოს კონფლიქტამდელ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გაწევა“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG