Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადება


ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და უკან გადადგმული ნაბიჯი ბოლო სამ არჩევნებთან შედარებით. განცხადებაში ჩამოთვლილია 12 მიზეზი, მათ შორის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, არარეალურად მრავალრიცხოვანი ამომრჩეველთა სია, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო აპარატის მონაწილეობა, ზეწოლის მიზნით არაფორმალური ჯგუფების შექმნა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, არჩევნების წინა პერიოდში რამდენიმე ცენტრალურ ტელეარხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა და სხვადასხვა დარღვევა კენჭისყრის დღეს და ხმების დათვლის პროცესში. „საქართველოს ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებს ვაფასებთ, როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს, რომლის შედეგადაც დამახინჯებულ იქნა ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა ადეკვატურად არ ასახავს მოსახლეობის არჩევანს და არ გააჩნია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხი“, - ნათქვამია განცხადებაში. ცხრა ოპოზიციური პარტია გამოთქვამს მზადყოფნას, ძალისხმევა გააერთიანოს, რათა კანონით დადგენილი წესით, გამოვლენილი და გამოძიებული იყოს კონკრეტული დარღვევები და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. განცხადებას ხელს აწერენ: ”თავისუფალი საქართველო”, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, ”თავისუფლება”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ტრადიციონალისტთა კავშირი” და „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

XS
SM
MD
LG