Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: საქართველო წარმატებით ახორციელებს "ასოცირების დღის წესრიგით" გათვალისწინებულ ზომებს


ევროკავშირის შეფასებით, საქართველო წარმატებით ატარებს "ასოცირების დღის წესრიგით" გათვალისწინებულ ზომებს. ეს შეფასება გამოთქმულია ევროპის საგარეო ქმედების სამსახურისა და ევროკავშირის კომისიის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 29 ნოემბერს, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2 დეკემბრის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე. ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოაწერეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) ჩათვლით. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, "ასოცირების დღის წესრიგი" ითვალისწინებს პრიორიტეტულ ამოცანებს 2014-2016 წლებისათვის. ევროკავშირის 29 ნოემბრის ანგარიშში ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ზომების წარმატებით მიღებაზე საუბრისას აღნიშნავენ რამდენიმე რეფორმას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას. თუმცა განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა, აღნიშნულია მეტი მნიშვნელოვანი კანონისა და ზომის მიღების საჭიროება. ხოლო ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, „ასოცირების შეთანხმების“ განხორციელება უნდა გაგრძელდეს, უწინარეს ყოვლისა, სამართლებრივი სისტემის რეფორმის მიმართულებით. ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რის საფუძველზეც ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს 2016 წლის მარტში მისცა რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

XS
SM
MD
LG