Accessibility links

სირიის მთავრობის ჯარები ალეპოში წინ მიიწევენ


სირიის მთავრობის ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა დაიკავეს ალეპოს აღმოსავლეთში მდებარე ტარიყ ალ-ბაბის რეგიონი - ამ ცნობას ავრცელებენ მთავრობა და ლონდონში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ მისი მოწინააღმდეგე მეამბოხეებისგან კონტროლი დაიბრუნა ალეპოს 60 პროცენტამდე ტერიტორიაზე და აღადგინა კონტროლი მნიშვნელოვან ავტომაგისტრალზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის დასავლეთ ნაწილს და ალეპოს აეროპორტს, რომელსაც ასევე მთავრობა აკონტროლებს. პარალელურად 3 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა მწვავედ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი იმის გამო, რომ ის დახმარებას არ აწვდის ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობას. „სირიაში წლების განმავლობაში მიმდინარე ომის დროს, დიდ ბრიტანეთს ერთი გრამი ფქვილი, ერთი აბი წამალი, ერთი საბანი არ გაუგზავნია მოქალაქეების დასახმარებლადო“, განაცხადა კონაშენკოვმა. ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესმდივნის სიტყვები - რომ რუსეთი ხელს უშლის ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას. ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტის თანახმად, ამ ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ 3 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარება მიაწოდა სირიას, ძირითადად გაეროს სააგენტოების და სხვა პარტნიორების შუამავლობით.

XS
SM
MD
LG