Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტარი ითხოვს სტალინის საიდუმლო პოლიციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამოძიებას


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა პროკურატურას მიმართა თხოვნით გამოიძიება დაიწყოს ადამიანის უფლებების დამცველი, ავტორიტეტიანი ორგანიზაცია მემორიალის მიმართ, რადგან მან ინტერნეტში გამოაქვეყნა მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სტალინის საიდუმლო პოლიციის აგენტების შესახებ. რუსეთის მედიაში 3 დეკემბერს გავრცელდა ცნობები, რომ დეპუტატი ივან სუხარევი - სათათბიროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაციონალისტური, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი - პროკურატურას სთხოვს დაადგინოს დაირღვა თუ არა ამ პუბლიკაციით „სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლი“, განსაკუთრებით კი მუხლი, რომელიც საზოგადოებრივი შუღლის გაღვივებას ეხება. მემორიალმა გასულ თვეში გამოაქვეყნა მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს სტალინის საიდუმლო პოლიციის 40,000-ზე მეტი აგენტის სახელებს და სხვა მონაცემებს. ამ აგენტების დიდ ნაწილს პირადად აქვს მიღებული მონაწილეობა ადამიანების დახვრეტაში და სხვა დანაშაულებში, დიდი ტერორის პერიოდში. აქტივისტების თქმით, მონაცემთა ბაზის მომზადებას დაახლოებით 15 წელიწადი დასჭირდა. მონაცემთა ბაზაში ნახსენები ზოგიერთი პირის შთამომავლებმა 27 ნოემბერს მიმართეს პრეზიდენტ პუტინს თხოვნით დაიხუროს საიტი. ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მემორიალი შეიყვანა „უცხოეთის აგენტებად“ წოდებული ორგანიზაციების სიაში.

XS
SM
MD
LG