Accessibility links

ირანი: სანქციათა აქტის გახანგრძლივება ახდენს აშშ-ის დისკრედიტაციას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ის კონგრესის მიერ სანქციათა კანონმდებლობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება ახდენს აშშ-ის დისკრედიტაციას და აჩვენებს, რომ ვაშინგტონის ნდობა არ შეიძლება. თეირანის შეფასებით, გახანგრძლივების გადაწყვეტილება, რომელსაც 1 დეკემბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი, წარმოადგენს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გასულ წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების „დარღვევას“. ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ზარიფმა 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, სანქციების გახანგრძლივება მოწმობს, რომ აშშ-ის მთავრობა სანდო არ არისო. კანონპროექტი ახლა თეთრ სახლში გაიგზავნება, სადაც მას პრეზიდენტი ბარაკ ობამა სავარაუდოდ ხელს მოაწერს. „თუ აშშ-ის პრეზიდენტი სანქციების კანონპროექტს ხელს მოაწერს, ეს არ აისახება ირანის ურთიერთობაზე მსოფლიოსთანო“ - ზარიფის ამ სიტყვებს სახელმწიფო მედია ავრცელებს. აშშ-ს ნათქვამი აქვს, რომ, მისი შეფასებით, ეს კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო შეთანხმებასთან, რომლითაც შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა. მაგრამ ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალი აკბარ სალეჰი ამბობს, რომ გახანგრძლივება, თუ განხორციელდება, „პირდაპირი დარღვევა“ იქნება. სალეჰიმ გასულ კვირაში თქვა, ირანი ფრთხილად დაგეგმავს საპასუხო ნაბიჯებსო. ირანის უზენაესი ლიდერი, ალიათოლა ალი ხამენეი გასულ თვეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თეირანი უპასუხოდ არ დატოვებს აშშ-ის მხრიდან სანქციების გახანგრძლივებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG