Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა ნანუაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჭიათურის მაღაროს მემანქანის დაღუპვის ფაქტი


საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჭიათურის მაღაროს მემანქანის დაღუპვის ფაქტი, რომელიც შესაძლოა, გამოეწვია უსაფრთხოების წესების დარღვევას. ომბუდსმენმა მაღაროელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. უჩა ნანუაშვილის მიერ 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვის სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მეთვალყურეობა, რაც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობას. ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტული, ქმედითი ზომების მიღება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის რატიფიკაციის პროცესი საერთაშორისო კონვენციისა, რომელიც ითვალისწინებს შრომის ინსპექციის შექმნას. „ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს” - ნათქვამია სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებაში. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მაღაროში 3 დეკემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მემანქანე პაატა ღავთაძე. თამაზ დოლაბერიძის თქმით, პირველადი ინფორმაციის თანახმად, მანევრისას მემანქანემ ელმავლიდან თავი გაყო და სასიკვდილო ტრავმა მიიღო პარალელურად მოძრავ ვაგონზე მირტყმის შედეგად. თამაზ დოლაბერიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ მაღაროს მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მანგანუმი“ თანახმაა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა მომხდარი ფაქტი უბედური, საწარმოო შემთხვევა.

XS
SM
MD
LG