Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მიჩიგანის შტატში დღეს დაიწყება 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისას მიცემული ხმების ხელახალი დათვლა


აშშ-ის მიჩიგანის შტატში დღეს დაიწყება 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისას მიცემული ხმების ხელახალი დათვლა. ბიულეტენების ხელმეორე დათვლა, რომელიც მწვანეთა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯილ სტაინის მოთხოვნით ხორციელდება, მომავალ ოთხშაბათს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კვირას სასამართლომ გადაწყვიტა, ეს პროცესი დაუყოვნებლით დაიწყოს, რათა შესაძლებელი გახდეს მისი დასრულება 13 დეკემბრისთვის. ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ყველა შტატმა უნდა გამოაცხადოს. ამრჩევთა კოლეგიის წევრები სასურველ კანდიდატებს 19 დეკემბერს უყრიან კენჭს. ხმების ხელახალი დათვლა უკვე მიმდინარეობს ვისკონსინის შტატში. სტაინი ცდილობს, პროცედურა გაამეორებინოს პენსილვანიის შტატშიც. ამ შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ფედერალურმა სასამართლომ. 8 ნოემბრის კენჭისყრის თანახმად, ყველა დასახელებულ შტატში გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც სწორედ ამ გამარჯვებებმა მოუპოვა უმრავლესობა - 306 ხმა ამრჩევთა კოლეგიაში. მაგრამ სტაინმა, რომელიც თავად ვერ ჩაერევა გამარჯვებისთვის ბრძოლაში, მაინც მოითხოვა ხმების ხელახალი დათვლა და ამის მიზეზად საარჩევნო პროცესში რუსი ჰაკერების შესაძლო ჩარევა დაასახელა. ტრამპი და მისი მომხრეები ამ მოთხოვნებს „არასერიოზულად“ მიიჩნევენ და გამოთქვამენ რწმენას, რომ ისინი საბოლოო შედეგს ვერ შეცვლის.

XS
SM
MD
LG