Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის და მაიკლ კარპენტერის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალ საფეხურზე გადადის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა. მხარეთა შეფასებით, ამ სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც 2016 წლის ივლისში გაფორმდა, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. თავის მხრივ, მაიკლ კარპენტერმა საქართველოს მადლობა გადაუხადა წვლილისთვის, რომელიც შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრის დღის წესრიგში იყო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ოფისის წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

XS
SM
MD
LG