Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია პრიორიტეტულია ევროპული ინსტიტუტებისთვისაც


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის მიერ ევროპარლამენტის პრეზიდენტისთვის, მარტინ შულცისთვის გაგზავნილი წერილი ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პრიორიტეტულია ევროპული ინსტიტუტებისთვისაც. დონალდ ტუსკის წერილში, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, საუბარია საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და „შეჩერების მექანიზმზე“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ინსტიტუტების სწრაფად შეთანხმების აუცილებლობაზე. "არ მინდა კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დისკუსიაზე, მაგრამ წერილით, რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის" - განუცხადა ბრიუსელში ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია დადასტურდა გასულ კვირაშიც, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტისას გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე. მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით პროცესი მალე დასრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბრიუსელში, სადაც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა კოლეგა მინისტრებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, ისაუბრეს სწორედ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG