Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა „ფარული ჩანაწერების საქმეზე“ ბრალდებულები


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები, ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე. მათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა ამოეწურათ. ბრალდებულმა ირაკლი ფხალაძემ სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პროკურატურის ტყვეობაში და არ მიეცა საშუალება, თავისი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე, ეწარმოებინა დამოუკიდებელი გამოძიება და მოეპოვებინა საქმეში სიცხადის შემტანი მტკიცებულებები. ფხალაძისთვის საეჭვოა ის გარემოება, რომ 9 თვეა საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და პროკურატურამ თავისი მოწმეები არ დაკითხა. ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის შეფასებით, საბოლოოდ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. ადვოკატის ინფორმაციით, ჯამალაშვილის მიმართ არსებული დარღვევების გამო, აუცილებლად მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თავის მხრივ, პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ უარყო, რომ საქმის გაჭიანურება ბრალდების მხარის არასაკმარის მტკიცებულებებს უკავშირდება. პროკურორის თქმით, სასამართლო განხილვა 9 თვეში ვერ დასრულდა საქმის მოცულობისა და მტკიცებულებათა სიმრავლის გამო. „ყველა სხდომაზე გამოკვლეული იყო მტკიცებულებები, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გაკეთება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა კოტრიკაძემ. პროკურორი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარე დაამტკიცებს ჯამალაშვილისა და ფხალაძისთვის წარდგენილ ბრალს. სამართალდამცავებმა ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე 2016 წლის მარტში დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ მოპოვებული მასალების შენახვა-გავრცელების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG