Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის აზრით, ნატო ცდილობს ალიანსში ჩერნოგორიის „შეთრევას“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, ნატოს დასახული აქვს ამოცანა, რომ ჩერნოგორია ალიანსში „შეათრიოს“ მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა. „ნატო განაგრძობს მტკიცებას: ჩვენს რიგებში ახალ წევრებს მივიღებთო. ახლა ისინი გამწარებული ცდილობენ ჩერნოგორიის შეთრევას. ვხედავთ, რა ფაციფუცია ამ პროცესის გარშემო. არავის უკითხავს ჩერნოგორიის ხალხისათვის... თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხზე აუცილებელი უნდა იყოს მოსახლეობის დამოკიდებულების გაგება“, - უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს გერმანის ქალაქ ჰამბურგში, სადაც ჩასულია ეუთოს მინისტერიალთან დაკავშირებით. წელს ოქტომბერში ჩერნოგორიაში დააკავეს 21 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ორი მოქალაქე, ბრალდებული გადატრიალების მზადებაში, რათა არ დაეშვათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოეპოვებინა ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების მომხრე პოლიტიკურ ძალას. ნატომ გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად შესთავაზა ალიანსის წევრობა ჩერნოგორიას. გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

XS
SM
MD
LG