სირიის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს დიდ რაიონზე ქალაქ ალეპოში, მაგრამ უკან დაიხიეს ისტორიული ძეგლებით ცნობილ ქალაქ პალმირიდან, რომელიც ისევ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ალეპოში სირიის ჯარებმა მეამბოხეებისაგან 12 დეკემბრის დილას დაიპყრეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შეიხ საიდის რაიონი. ამავე უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიის არმია ახლა აკონტროლებს ქალაქის იმ ნაწილის 90%-მდე, რომელიც ოპოზიციონერი მებრძოლების ხელში იყო. მეამბოხეები 2012 წლიდან აკონტროლებდნენ აღმოსავლეთ ალეპოს. სირიის ჯარების იერიშმა, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით ხორციელდება, განვლილი თვის განმავლობაში ოპოზიციონერებს თითქმის მთელი აღმოსავლეთი ალეპო დააკარგინა. როგორც იუწყებიან, ავიაიერიშები 12 დეკემბერსაც გრძელდებოდა. ამასობაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა კონტროლი აღადგინეს ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 200-მდე კილომეტრში მდებარე პალმირაზე, საიდანაც უკან დაიხიეს სირიელმა სამხედროებმა. მანამდე ევაკუირებულ იქნა ქალაქის მოსახლეობის 80%-მდე. სირიის ჯარებმა მარტში შეძლეს ექსტრემისტებისაგან პალმირის გათავისუფლება.
ყველაზე პოპულარული
1