Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აკრიტიკებს ბობსლეისა და სკელეტონში მსოფლიო ჩემპიონატის სოჭიდან გადატანას


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აკრიტიკებს გადაწყვეტილებას ბობსლეისა და სკელეტონში მსოფლიოს მომავალი წლის ჩემპიონატის სოჭიდან გადატანის შესახებ. კრემლის შეფასებით, ეს არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ ნაბიჯი. ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციამ 13 დეკემბერს გამოაცხადა, რომ უარს ამბობს 13-26 თებერვლის ჩემპიონატის რუსეთში, სოჭში ჩატარებაზე. ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენებაზე. ანგარიშის ავტორების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო წლებში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი იყო ჩართული დოპინგის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედ პროგრამაში, რომელიც სპორტის 30-მდე სახეობაზე ვრცელდებოდა. ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციას, თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას, არ უხსენებია რუსეთში დოპინგის სისტემური გამოყენების მამხილებელი მასალები, მაგრამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გადატანა არის ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ „ყველა ქვეყნის წარმომადგენელ ათლეტებსა და მწვრთნელებს საშუალება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრში, რომელიც ფოკუსირებულია სპორტზე და არა ბრალდებებსა და დისკუსიებზე“. ჯერ არ გამოუცხადებიათ, სოჭზე უარის შემდეგ, სად გაიმართება ბობსლეისა და სკელეტონში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი.

XS
SM
MD
LG