Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოში ახალი ზავი ამოქმედდა და განახლდა ევაკუაცია


გავრცელებული ცნობებით, ალეპოში ცეცხლი შეწყდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი ზავი და განახლდა მოქალაქეთა ევაკუაცია მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ქალაქის უკანასკნელი რაიონიდან. რუსეთი და თურქეთი არიან შუამავლები იმ საზავო შეთანხმებისა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეამბოხეებს და სამოქალაქო პირებს, დატოვონ აღმოსავლეთი ალეპო. მაგრამ 14 დეკემბერს საზავო შეთანხმება დაირღვა. თუმცა, როგორც მეამბოხეებმა განაცხადეს, 15 დეკემბერს სროლა შეწყდა, რაც შესაძლებლობას იძლევა ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ევაკუაციის დასაწყებად. ამასვე ადასტურებენ სირიის სამხედრო უწყება და მთავრობის მომხრე შიიტური სახალხო ლაშქარი „ჰიზბოლა“ . ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან უკვე დაიწყო მოქალაქეთა იმ პირველი ნაკადის ევაკუაცია, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარეზე მებრძოლი რუსი სამხედროები, პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შესაბამისად, მზად არიან გააკონტროლონ მეამბოხეების გასვლა აღმოსავლეთ ალეპოდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,სირიის ხელისუფლებამ მეამბოხეებს და მათ ოჯახებს პირობა მისცა, რომ უსაფრთხოდ შეძლებენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარ ქალაქ იდლიბში გადასვლას. რუსეთის სამხედოები უპილოტო აპარატების გამოყენებით გააკონტროლებენ მეამბოხეების ევაკუაციას. მეამბოხეებისათვის გამოყოფილია 20 ავტობუსი, რომლებსაც ჰუმანიტარულ დერეფანში სამედიცინო დახმარების 10 ავტომანქანა გააცილებს.

XS
SM
MD
LG