Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: პროცენტული მაჩვენებლებით აპელირება „წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ორიენტირებულია ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება, გაუფასურებულია პრაქტიკულად, ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა და ოპონენტების მხრიდან პროცენტული მაჩვენებლებით აპელირება „წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა.“ პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 100%-ზე მეტით გაუფასურდა თურქული ლირა, 200%-ზე მეტით უკრაინული გრივნა, 90%-ის ფარგლებში რუსული რუბლი და 100%-ზე მეტით აზერბაიჯანული მანათი. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ლარი გაუფასურდა დაახლოებით 60-65%-ის ფარგლებში. „ეს არ არის კარგი, თუმცა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა, საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებშია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ მისი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი, რათა რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი საქართველოში მოხვდეს.

XS
SM
MD
LG