Accessibility links

კვირიკაშვილი: მთავრობას აქვს დაბალანსებული მიდგომა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას შეუძლია სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯოს ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ აქვს დაბალანსებული მიდგომა და ბიუჯეტი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები დაიძლიოს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს ჩაკეტილი წრიდან და დაიწყოს ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნდა განვითარდეს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და ტურისტული ინფრასტრუქტურა. „რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ თუ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები და თუ რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ყველაზე უკეთ ესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები, რომელთა გამო ოპონენტებისთვის იოლია პოლიტიკური ქულების დაწერა. „ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, რადგან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა ნაბიჯზე, რომელსაც მოაქვს მეტი ეკონომიკური დინამიკა და განვითარება და უფრო სწრაფი ზრდა“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო იწყებს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც არ იქნება მარტივი, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებული აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება დღეს არსებული პრობლემები. „ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით და იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG