Accessibility links

ევროპარლამენტმა დაამტკიცა შეჩერების მექანიზმი საქართველოსა და უკრაინისათვის


ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე დაამტკიცა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია, რაც გზას უხსნის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას. აღნიშნულ ინიციატივას მხარი ევროპარლამენტის 485 წევრმა დაუჭირა, 132 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 21-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება ბრიუსელიდან, ევროკავშირის კანონმდებლებს თავის მხრივ შეუძლიათ საქართველოსათვის უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებას კენჭი უყარონ იანვარში, უკრაინის შეთანხმებაზე კენჭისყრა კი დიდი ალბათობით თებერვალში გაიმართება. „დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის საბჭო სრულად ითანამშრომლებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთავაზება შეუფერხებლად დამუშავდეს იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ყველა საჭირო კრიტერიუმი, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა და მომხსენებელმა აგუსტინ დიაზ დე მერამ, რომლის სიტყვებიც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს. დოკუმენტი ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ისეთ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება საქართველოსა და უკრაინის დიდი რაოდენობით მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან სამშობლოში დაბრუნებაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG